ვაშინგტონში ახალი გლობალური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. ბრიკს (BRICS) - ასე ეწოდება ჯგუფს, სადაც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა შედიან. მათი წარმომადგენლების ვაშინგტონში ვოიაჟის მიზანი ევროპაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის განხილვა და ევროპის ქვეყნებისთვის დახმარების გზების გამოძებნაა. ის რომ მზარდი ეკონომიკური ქვეყნები, განვითარებული სახელმწიფოების დახმარებაზე ზრუნავენ, თავისთავად უნიკალური ფაქტია. რას ფიქრობენ ვაშინგტონში და ევროპაში ამასთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი უილიამ აიდი არკვევდა.
ევროპა ეკონომიკურ მღელვარებაშია ჩართული, სადაც ანტიკრიზისული ზომებით საბიუჯეტო კრიზისების გადაჭრას ცდილობენ, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები გასულ კვირას პოლონეთში შეიკრიბნენ, რათა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ეპოვათ. მათ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერიც შეუერთდა.
„ევროპა დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება და ისინი დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, რაც ჩვენზე მოქმედებს. ეს არა მხოლოდ ევროპაში არამედ მთელ მსოფლიოში არსებულ ნდობაზე მოქმედებს,“ - განაცხადა გეიტნერმა.
სწორედ ასეთ ვითარებაში ამერიკაში ბრიკსის წევრები იკრიბებიან. ჩინეთი და სხვა მზარდი ეკონომიკის ქვეყნები მსოფლიოში უკვე სერიოზულ ფინანსურ ამინდის ქმნიან, რადგანაც უკვე გააჩნიათ უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ რეზერვები. ჩინელი ეკონომისტი ლუო ჟოპენგი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ევროპას თავის დახმარებას შესთავაზებს.
„მათ ამის გასაკეთებლად ბევრი მიზეზი აქვთ. ერთერთი ის არის, რომ ჩინური ეკონომიკა ექსპორტზე დიდად არის დამოკიდებული,“ - ამბობს ჩინელი ეკონომისტი.
ევროპა ჩინეთისთვის მეორე უდიდესი სავაჭრო ბაზარია, ხოლო ევროს კი ჩინეთის 3 ტრილიონიანი უცხოური რეზერვების 30 პროცენტი უჭირავს. ამასთანავე ჩინეთს, სურს რომ რეზერვები ევროში გაიზარდოს და ამერიკულ დოლარში შემცირდეს.
იოკონ ჰონგი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ანალიტიკოსია.
„თუკი საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში არსებული კრიზისების გამო ევროზონის კოლაფსი მოხდება, ეს გლობალურ ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს, რაც ყველაზე იმოქმედებს,“ - ამბობს ჰონგი.
თუმცა, ვიდრე ევროპას ვითარებიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა გააჩნია, ჩინეთი და სხვა ქვეყნები მათთვის სესხის გაღებას არ აპირებენ. ჰონგის თქმით, ამ ეტაპზე ასეთი შეთანხმება არც არსებობს.
თუკი, ჩინეთი ევროპის დახმარებს გადაწყვეტს, ჩინური მედიის ვარაუდით, პეკინი შეეცდება ევროპის გამოყენებას, ჩინეთის როგორც სრული საბაზრო ეკონომიკის ასაღიარებლად. ეს კი ის სტატუსია, რაც ჩინეთის ეკონომიკას ძალიან სჭირდება.
აი სწორედ ეს საკითხები იქნება ვაშინგტონში ბრიკსის ფინანსთა მინისტრების შეკრების მთავარი თემა.