ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას გაკვეთილები


მიწისძვრის მეორადი, პარალელური ეფექტები არანაკლებ მნიშვნელოვანია

ტოკიოს უნივერსიტეტის მიწისძვრათა სპეციალისტი, კენჯი სატაკი იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის გამოკვლევას პირველადი სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე შეუდგა. ვანკუვერის სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ის ერთი წლის წინანდელ მოვლენებს აღწერდა:

„მანქანაში ბენზინის ჩასხმას სულ ცოტა ნახევარი საათი ველოდით. ზოგჯერ ერთ საათზე მეტი. ბენზინის გასამართ სადგურებზე ყველგან გრძელი რიგები იდგა“.

მიწისძვრის შემდეგ ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებს ცეცხლი მოედო. საწვავი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვოდა და მის ჩაქრობას ვერ ახერხებდნენ. ეს ფაქტი ეკონომიკურ ზარალზე მეტად უფრო იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ბენზინის მწვავე დეფიციტის გამო აუცილებელი სასწრაფო სამაშველო სამუშაოები მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულ ადგილებში შეფერხებით მიმდინარეობდა. ამ ფაქტორს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

ალტეა რიზო, რისკების კოორდინატორი ორეგონის შტატის საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ოფისში ამბობს, რომ მიწისძვრის მეორადი, პარალელური ეფექტები არანაკლებ მნიშვნელოვანია. მას მიაჩნია, რომ ამერიკის დასავლეთი სანაპირო, რომელიც სეისმურ ზონას წარმოადგენს, ადვილი შესაძლებელია, რომ იაპონიისმაგვარ, ან კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აღმოჩნდეს.

ნავთობგადასამუშავებელი საწარმოდან ავტომობილის ბენზინის ავზამდე რამდენიმე რგოლია, რომელსაც ჩავარდნა ემუქრება. საფიქრებელია, იმაზე მეტი საწვავი ვერც ვიშოვოთ, ვიდრე ის რაოდენობა, რომელიც მანქანაში მიწისძვრის მომენტში გვისხია“ - აღნიშნავს ალტეა რიზო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტები თვლიან, რომ ენერგიის წყაროების უსაფრთხოება ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ მთავარ გამოწვევად რჩება. შეერთებულ შტატებში ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კერძო კომპანიები ფლობენ. მათ შორისაა კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“, რომელიც არამარტო ბენზინის გასამართი სადგურების მეპატრონეა, არამედ ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებს და 650-კილომეტრიან სადისტრიბუციო სისტემასაც ფლობს, სახელწოდებით „ოლიმპიური ნავთობსადენი“ (Olympic Pipe Line). ალტეა რიზოს თქმით სწორედ ამ ნავთობსადენიდან მარაგდება ვაშინგტონის და ორეგონის შტატების უმეტესი ნაწილი აეროპორტების ჩათვლით.

„ბი-ფის“ ჩრდილო-დასავლეთ სექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი ბილ კიდი ამბობს, რომ მისი კომპანია მსგავსი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზად არის. კიდის თქმით მეგა-მიწისძვრის შემთხვევაში ნავთობსადენი ავტომატურად გამოირთვება. თუმცა, მის აღდგენას და ჩვეულ რეჟიმში ჩართვას „საკმაო“ დრო დასჭირდება.

არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტურად გამომივიდეს, თუმცა არც ის იქნებოდა სწორი, რომ სურათი ძალზე მუქ ფერებში დავხატო. კომპანია არც სათადარიგო მასალების ნაკლებობას უჩივის და არც შემდუღებლების სიმცირეს“ - აცხადებს ბატონი კიდი.

ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა წარმოუდგენელია, ამბობს ის. მთელი რიგი ფაქტორები ჩვენზე დამოკიდებული არც იქნება. შესაძლოა ისეთი სტრუქტურები დაზიანდეს, როგორიცაა ხიდები, გზები, ან ელექტროგაყვანილობა. ყველამ კარგად იცის, რომ დენის გარეშე ფუნქციონირებას ვერ შევძლებთ - აცხადებს „ბი-ფის“ წარმომადგენელი.

კალიფორნიის შტატში უფრო მეტ აქცენტს ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოების საკითხზე აკეთებენ. ფუკუშიმას რეაქტორზე მომხდარი გაჟონვის შემდეგ შტატში ატომური ელექტროსადგურების მოწინააღმდეგე აქტივისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. სიფრთხილის საფუძველს მათ ანალოგიური ბირთვული რეაქტორები აძლევთ, რომლებიც კალიფორნიაში ოკეანესთან საკმაოდ ახლო მანძილზე მდებარეობენ.

ატომურ ელექტროსადგურთა ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მათი საწარმოები უსაფრთხოების ყველა ზომას ითვალისწინებენ და ამასთან ერთად შტატისთვის ელექტროენერგიის სასიცოცხლო საჭიროებას უსვამენ ხაზს. მათ საკუთარი უფლებების დაცვა სულ მალე ლიცენზიის გაგრძელების უახლოეს მოსმენებზე დასჭირდებათ. მათი ოპონენეტები კი, რომელთაც ფუკუშიმას მაგალითი ერთი წლის შემდეგაც მთელი სიცხადით ახსოვთ, პეტიციებს ავრცელებენ და ცდილობენ საკითხი კალიფორნიის რეფერენდუმზე გაიტანონ.

XS
SM
MD
LG