ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტარატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებაზე დავობენ


სტარატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს 1550 ბირთვული ქობინის და 700 მათი გადამტანი საშუალების ფლობის უფლებას აძლევს.

თუმცა ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი რაკეტსაწინაღო სისტემების შესახებ. მაგრამ როგორც შეარაღებაზე კონტროლის ასოციაციის კერძო ფირმის დირექტორი დერილ კემპბელი აცხადებს: “ სტარტის ახალი ხელშეკრულების პრეამბულაში მითითებულია, რომ მხარეები გააგრძელებენ ურთიერთობას სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი იარაღის შემცირებაზე და თუ რუსეთი ამერიკულ რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგებას საკუთარი შეტევითი იარაღის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ მიჩნევს მაშინ მოსკოვი იტოვებს უფლებას გამოვიდეს აღნიშნული შეთანხმებიდან.“

რუსეთი ამერიკულ რაკეტსაწინაღო სისტემას მის წინააღმდეგ მიმართულ მუქარად აღიქვამდა მიუხედავად იმისა რომ შეერთებული შტატები დაბეჯითებით უარყოფდა ამას.

18 მაისს სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა:“ როგორც უკანასკნელი ისე დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკაა არ შექმნას იმგვარი რაკეტსაწინაღო სისტემა, რომელიც რუსეთის ბირთვულ პოტენციალს დაემუქრება. ჩვენი რაკეტსაწინაღო სისტემა ირანის და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებსაც საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ.“

როგორც ბატონმა გეითსმა აღნიშნა რუსეთი ჯერ კიდევ 1969 წლიდან ეწინააღმდეგბოდა ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემების შექმნას. გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში რუსეთი ახალი რაკეტსაწინაღო სისტემების შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან ამერიკელებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს მას არ გააჩნდა ამის შესაძლებლობები. ამიტომ მოსკოვი პოლიტიკური მეთოდებით ცდილობდა ვაშინგტონის შეჩერებას.

რობერტ გეითსი ამტკიცებს რომ სტარტის ახალი ხელშეკრულება არ უკრძალავს ამერიკას რაკეტსაწინაღო სისტემების შექმნას. მაგრამ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას არ გაიზიარა ეს თვალსაზრისი. მისი თქმით:“ ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულება დაფუძნებული უნდა იყოს საბრძოლო ქობინების შემცირების პრინციპზე, სტარტის ახალი ხელშეკრულება კი გარკვეულ ლიმიტებს აწესებს ამერიკულ რაკეტსაწინაღო სისტემებზე. აღნიშნული ხელშეკრულების მეხუთე მუხლი კრძალავს სტრატეგიული რაკეტების რაკეტსაწინაღო სისტემებად გადაკეთებას.“

ჯეიმს ბეიკერი აღიარებს რომ იარაღის ამგვარი ტრანსფორმაცია არ შედის ობამას ადმინისტრაციის გეგმებში, რადგან ახალი სისტემების შექმნა უფრო იაფი ჯდება ვიდრე ძველის გადაკეთება, მაგრამ მომავალი ადმინისტრაცია წინასწარ არ უნდა იყოს ამ თვალსაზრისით ხელფეხშეკრული.

XS
SM
MD
LG