ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბული ფონი


რა შეიცვლება ობამას და ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ

დღეს პრეზიდენტი ობამა ისრაელის ლიდერს ხვდება. ეს მათ შორის მესამე შეხვედრაა, მას შემდეგ, რაც ისრაელის სპეცრაზმმა პრო-პალესტინურ ჰუმანიტარულ, ფლოტილიაზე რეიდი განახორციელა. ამ შეხვედრის ფონი კი დროში გაჭიანურებული ისრაელ-პალესტინური მოლაპარაკებები და ახლო აღმოსავლეთში თურქეთის როლის მკვეთრი ცვლილებაა. ფონი მართლაც რთულია. როგორც ცნობილია, ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის სამხედრო რეიდის დროს, რვა თურქი და ერთი თურქული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა. სულ ცხრა ადამიანი. ამ აქციამ მთელ ევროპაში, შეერთებულ შტატებში და ახლო აღმოსავლეთში მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. ფლოტილია ღაზას სექტორისკენ მიემართებოდა. ინციდენტმა კი ღაზას ბლოკადისადმი ყურადღება და ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.ბლოკადაში დაახლოებით მილიონნახევარი პალესტინელი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ დაგმო ისრაელის ქმედება, პრეზიდენტმა ობამამ პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი მიიღო და მათ ღაზაში შექმნილი ჰუნმანიტარული კრიზისი განიხილეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი გაგვაჩნდეს და ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ღაზაში ვითარება უკვე გაუსაძლისია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პირველ რიგში, არსებული კრიზისი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის ჩავარდნის საფრთხეს ქმნის. თუმცა, პრეზიდენტ ობამას და პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვედრამდე შეერთებული შტატების დესპანმა ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელმა თავის სამშვიდობო დიპლომატიური მცდელობები განაახლა. პალესტინელებმა მოლაპარაკების რაუნდის ბოლო ვადა სექტემბრამდე დათქვეს.

შიბლ თელამი მერილენდის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსია.

„ცხადად არსებობს მოლოდინი, რომ დიპლომატიას ამ კონფლიქტის გადაჭრა აქვს მიზანდ დასახული და არა კონფლიქტის მართვა. აქ არის დროულობის გათავისება. ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილების დრო იწურება,“ - ამბობს თელამი.

პრეზიდენტი ობამა ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ეს მისი ახლო აღმოსავლური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ბატონმა ობამამ ისრაელს ებრაული დასახლებების შექმნის შეწყვეტაც მოსთხოვა, რომელსაც თელ-ავივი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში აშენებდა. თეთრი სახლის მოთხოვნამ, ისრაელთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

„მე ვფიქრობ პრეზიდენტმა წარმატებით მოახერხა ისრაელთან შეერთებული შტატების განსაკუთრებული ურთიერთობის გამოფიტვა, რომ არა ვისაუბროთ ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობაზე სხვა მოკავშირეებთან,“ - აცხადებს ანალიტიკოსი დანიელე პლეტკა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადამ სულაც არ შეასუსტა პალესტინურ სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ პოტენციალი, რომელმაც ღაზაში ხელისუფლების ხელში აღება 2007 წელს მოახერხა. ფლოტილიაზე თავდასხმამ ისრაელს და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად გაართულა. ამ ფაქტის შემდეგ თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და თელ-ავივს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ანალიტიკოსები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ანკარამ თავსი სტრატეგია რეგიონში რადიკალურად შეცვალა. სწორედ ეს არის ის ფონი, რომელიც ობამას და ნეთანიაჰუს შეხვედრას წინ უძღვის. მოახერხებენ თუ არა ისრაელის და ამერიკის ლიდერები რეგიონში არსებული დაძაბული ურთიერთობის შეცვლას, ამას მოკლე ხანში ვნახავთ.

XS
SM
MD
LG