ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოტოგრაფია „კოდაკის“ გარეშე


ფოტოგრაფია „კოდაკის“ გარეშე
ფოტოგრაფია „კოდაკის“ გარეშე

5.1 მილიარდი აქტივების მქონე კომპანიას 6.8 მილიარდი ვალი აქვს. მისი გაკოტრების საქმეს მანჰეტენის სასამართლო განიხილავს

ციფრული ფოტოგრაფიის ეპოქაში „კოდაკისთვის“ ადგილი აღარ რჩება. ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ციფრული ტექნოლოგია პირველმა სწორედ „კოდაკმა“ გამოიგონა, მაგრამ მისი კომერციალიზება თავის დროზე ვერ შესძლო.

1880 წელს როჩესტერში, ნიუ იორკის შტატში დაარსებულ ფირმას ბევრი გამოგონება აქვს. მათ შორისაა ისტორიული ბრაუნის მოდელი. ეს იყო ყუთისმაგვარი პირველი საყოფაცხოვრებო ფოტოაპარატი, რომელიც ერთი საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1900 წელს შეიქმნა. ბრაუნის აპარატის სარეკლამო ფრაზა მაშინ ასე ჟღერდა: „თქვენ მხოლოდ ღილაკს დააჭირეთ თითი, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ“.

დღეს 5.1 მილიარდი აქტივების მქონე კომპანიას ბევრად უფრო მეტი, 6.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აქვს. მისი მე-11 მუხლით გაკოტრების საქმეს კი მანჰეტენის სასამართლო განიხილავს. როდესაც ესა თუ ის კომპანია კრედიტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს, ის თავის დასაცავად ფედერალურ საბანკროტო სასამართლოს მე-7 ან მე-11 მუხლის საშუალებით მიმართავს. მე-7 მუხლის მიხედვით კომპანია ყველა აქტივს ყიდის. მე-11 მუხლი, რომლის გამოყენებასაც „კოდაკი“ ცდილობს, კომპანიებს ზოგიერთ შემთხვევაში საშუალებას აძლევს ბიზნეს-ოპერაციების კონტროლი გააგრძელოს. ოღონდ, ეს სასამართლო იურისდიქციის ზედამხედველობის უნდა განხორციელდეს.

ფოტოლაბორატორიის მფლობელი, ჯიმ მეგარჯი აღწერს რა ფიზიკურ და ესთეტურ სხვაობას ციფრულ და ქიმიურ ფოტოგრაფიას შორის, უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს. თუმცა, რეალობასაც ადეკვატურად აღიქვამს და იმ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ვინც ჯერ კიდევ ქიმიურ ფოტოგრაფიას იყენებს, გადაშენების გზაზე მდგარ დინოზავრებს ადარებს.

იმის მიუხედავად, თუ როგორ გადაწყდება „კოდაკის“ ბედი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, ფოტოგრაფიის მომავალი ამ მომენტისთვის გარკვეულად ითვლება: ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მომავალი ციფრულ ფოტოგრაფიას ეკუთვნის. ტრადიციულ ქიმიურ ფოტოგრაფიას, რომელიც ქიმიურ პროცესს და ფოტოფირს მოიცავს, ურიცხვი უპირატესობები აქვს და მას პროფესიონალთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უპირატესობას ანიჭებს. „ჩვენთვის ყველაფერი არ დასრულებულა, ყოველ შემთხვევაში - ჯერ-არა“ - ამბობს ჯიმი:

„ფოტოგრაფისთვის ისეთი მასალის დაკარგვა, როგორიცაა ვთქვათ საყვარელი ფოტოფირის წარმოების შეწყვეტა და ბაზრიდან გაქრობა, პრობლემაა. მაგრამ არა - გადაუჭრელი ამოცანა. სხვა კომპანიებიც არსებობენ, რომლებიც თუ ზუსტად ანალოგიურს არა, მსგავს პროდუქციას აწარმოებენ. იმის მიუხედავად, რომ „კოდაკმა“ ზოგიერთი სახის პროდუქტის წარმოება უკვე შეწყვიტა, ბაზარზე მაინც შეიძლება აუცილებელი აპარატურის თუ ქიმიკატების შეძენა“ .

პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც მომავალში ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავენ, მართლაც მოახერხებენ ანალოგიური პროდუქციის შოვნას. მაგრამ მსგავსი გიგანტის დახურვა ბევრად უფრო მასშტაბურ და სერიოზულ პრობლემას უქმნის სახელმწიფო ეკონომიკას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„კოდაკის“ რეორგანიზებამ უამრავი სამუშაო ადგილი გაკოტრების შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე ბევრად უფრო ადრე შეიწირა. „უოლსტრიტ ჯორნალის“ (The Wall Street Journal) ინფორმაციით 2003-2011 წლებში „კოდაკის“ თანამშრომელთა რიცხვი 73 პროცენტით შემცირდა და 63 900-დან დაახლოებით 17 ათასზე ჩამოვიდა. მოგებამაც იმავე პერიოდში 55 პროცენტით იკლო.

რეი როკი როჩესტერში მდებარე „კოდაკის“ სათაო ოფისის თანამშრომელია და შიშობს, რომ მალე უმუშევარი დარჩება:

„მე პირადად ძალიან შეშფოთებული ვარ. „კოდაკისგან“ საპენსიო შემწეობის დანიშნვამდე სულ რამდენიმე წელიწადი მაკლია. ვნახოთ, რა იქნება“ .

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ „კოდაკი“ არ დაიხურება და ის არსებობას მცირე ზომის ფირმის სახით გააგრძელებს, რომელიც კაპიტალის დაგროვებას ძველი გამოგონებების, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების შექმნის ხარჯზე შეძლებს. ბრიუს ურბინი, ჟურნალ „ფორბსის“ რედაქტორი, აღნიშნავს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია:

მგონია, რომ ის უფრო ინტელექტუალური საკუთრების მქონე კომპანიად გადაიქცევა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგება „კოდაკს“ მხოლოდ ტექნოლოგიური ლიცენზიების და პატენტების ხარჯზე ექნება“.

ამასობაში ჯიმ მეგარჯი ქიმიური ფოტოგრაფიის ხელოვნების ნიმუშების შექმნას და მათ ბეჭდვას აგრძელებს. ჯიმი ამბობს, რომ ეს პროცესი ჩამობნელებულ ოთახში ბევრად უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე საათობით კომპიუტერთან ჯდომით. - არც ის მინდა, რომ ციფრული ფოტოგრაფიის ხელოვნება დავაკნინო. იგივეა, აკვარელის გამოყენება ზეთის საღებავებით ხატვას დაუპირისპირო. ორივეს თავისი უპირატესობა, გზა და თვითგადარჩენის უფლება აქვს, ამბობს ფოტოგრაფი და საყვარელ შემოქმედებით საქმიანობას ძველებური ენთუზიაზმით განაგრძობს.

XS
SM
MD
LG