საბერძნეთის საპორტო ქალაქ პიროსის ღარიბ გარეუბანში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე უკვე იგრძნობა. ამის მიზეზი კი ქვეყანის ეკონომიკური სისტემის დაღმასვლაა. გარეუბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და ელემენტარულად წამლის და საკვების ყიდვის საშუალებაც არ აქვთ. რა ხდება საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენი ჰენრი რიჯველი არკვევდა.
ნავსადგურში დაჟანგებული დოკები ქალაქში ეკონომიკური კატასტროფის დაწყების ნიშანია. რეგიონის მთავარი მამოძრავებელი არტერია გემთმშენებლობა უკვე მკვდარია. პანაიოტის კარაგიანაკისი ნავსადგურის თანამშრომლების პროფკავშირს ხელმძღვანელობს.
„ბოლო დღეებში გემთმშენებელ ქარხანაში ვითარება ტრაგიკული გახდა. უმუშევრობამ 90 პროცენტს მიაღწია. ქარხნის მოდერნიზებისთვის არაფერია გაკეთებული, რათა ინდუსტრიის ახალი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს,“ - ამბობს კარაგიანაკისი.
2010 წელს ქალაქ პიროსის ნავსადგური, რომელიც ევროპის ერთერთი ყველაზე მეტად გადატვირთული პორტია, ჩინურ კომპანიას მიეყიდა. თუმცა, უმუშევრობაში კარაგიანაკისი ჩინელებს არ ადანაშაულებს.
„ჩვენი პრობლემა არ არის, რომ გადაზიდვების პოლიტიკას ჩინელები ახორციელებენ. პრობლემა ის არის, რომ საბერძნეთის მთავრობა არ აკეთებს იგივეს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვქონდეს ფართო შესაძლებლობების საზღვაო ფლოტი, რათა განვავითაროთ ინდუსტრია. ეს არ ხდება, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება,“ - ამბობს პროფკავშირების ხელმძღვანელი.
პორტიდან ქალაქის სიღრმეში თუ წახვალთ საავადმყოფო შეგხვდებათ, რომელსაც ორაგიზაცია მსოფლიოს ექიმების საბერძნეთის განყოფილება მართავს. ეს არის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც საომარ ზონებში და შიმშილობის პირას მყოფ ქვეყნებში მოქმედებს.
დოქტორი მეროპი მანტეო ამ ცენტრში მოხალისედ მუშაობს.
„უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვთ ვაქცინების მიღების შესაძლებლობა. მეორე პრობლემაა ის პაციენტები, ვინც დაკარგა ჯანმრთელობის დაზღვევა. ისინი იღებენ რეცეპტებს, თუმცა წამლების ყიდვის საშუალება არ აქვთ,“- ამბობს მანტეო.
ერთერთი პაციენტი ამბობს, რომ 2008 წლიდან უმუშევარია. „მე სამსახურს ყოველდღიურად ვეძებ, თუმცა ვერ ვშოულობ. ტუალეტების გასაწმენდადაც მზად ვარ. ჩემი შვილიშვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ისინი შიმშილობენ,“ - ამბობს ბერძენი მოქალაქე.
ის მარტო არ არის. ქალაქის დიდი ნაწილი ანალოგიურ მდგომაროებაშია. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმები“ აცხადებს, ეს ჰუმანიტარული კრიზისი დასაწყისია.