საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი ახალი მთავრობა გადაწყვეტს დარჩება, თუ არა საბერძნეთი ევროზონაში.
ივნისის მეორე ნახევარში განმეორებითი არჩევნების აუცილებლობა წინა არჩევნების შედეგებმა გამოიწვია, როდესაც ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
ევროპა შეშფოთებით უყურებს საბერძნეთის მოსალოდნელ გასვლას ევროზონიდან, რადგან მიუხედავ იმისა, რომ ის საკმაოდ პატარა ქვეყანაა, გლობალურ ეკონომიკაზე ამ მოვლენამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს.
საბერძნეთში დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლის წლიური შიდა პროდუქტი 300 მილიარდ დოლარს აღწევს.
საბერძნეთი მსოფლიოს ინდუსტრიული ქვეყნების რიცხვში 41-ე ადგილზეა, როგორც პეტერსონის საერთაშორის ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტი საიმონ ჯონსონი ამბობს:
“ ევროკავშირის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ერთ მეოთხედს შეადგენს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს კრიზისის დაძლევა, ასე რომ მრავალი ქვეყანა დადგა საფრთხის ქვეშ.“
საბერძნეთის არჩევნებს ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავენ ევროკავშირის ხისტი ეკონომიკური მოთხოვნების საპასუხოდ, თუმცა ეს რეფერენდუმი შესაძლოა ევროზონიდან საბერძნეთის გასვლით დამთავრდეს.
როგორც მერილენდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი პიტერ მორისი აცხადებს ევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა შეერთებულ შტატებზეც იმოქმედოს:
“ჩვენი ეკონომიკური ზრდა ამჟამად წელიწადში მხოლოდ ორი პროცენტია, თუ ამას ნახევარი პროცენტი მაინც მოაკლდა, მაშინ ეკონომიკა ისევ სტაგნაციაში შევა.“
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პიტერ მორისი თვლის, რომ შესაძლოა უკეთესიც კი იყოს, თუ საბერძნეთი ევროკავშირის მკაცრი ზედამხედველეობის გარეშე დარჩება, მაგრამ მისი აზრით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია:
“ მე მგონი ბერძნები ისეთ მთავრობას აირჩევენ, რომელიც მიიღებს ევროკავშირის მძიმე პირობებს, მაგრამ კრიზისი მაინც გაგრძელდება და მომავალ წელს უმუშევრობა ამ ქვეყანაში 25%-ს გადააჭარბებს, რაც ახალგაზრდა სპეციალისტების ქვეყნიდან გადინებას გამოიწვევს და შესაძლოა საბერძნეთი განვითარებადი ქვეყნის სტატუსამდე ჩამოქვეითდეს.“