ქალბატონი, რომელთანაც ინტერვიუ ჩავწერეთ - სანახევროდ დევნილია. ამჟამად წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს და ოკუპირებულ ახალგორში არაოკუპირებული სახლი აქვს.
როგორია იყო დევნილი და თან შენს სახლში შესვლაც შეგეძლოს? ქალბატონ ნანას იმედი და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ საკუთარი სახლის ნახვის შესაძლებლობა ამოწურული არ იქნება. ამავდროულად მას კარგად ესმის, რომ მომავალი, თუნდაც ეს ხვალინდელი დღე იყოს, მის მშობლიურ ქალაქში აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია:
„არავინ იცის ხვალ რას მოიფიქრებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რამდენიმე ხნის წინ, მაგალითად ახალგორში შესვლის წესი შეცვალეს, ცოტა ხნის შემდეგ ეს შეცვლილი წესიც შეცვალეს და ასე შემდეგ. უსაფრთხოდ იქ თავს ვერავინ იგრძნობს,“-ამბობს ქალბატონი ნანა.
იგი ამავდროულად იმ ფაქტსაც აღნიშნავს, უსაფრთხოების შეგრძნებას მონატრების გრძნობა რომ აღემატება, რაც ყველა დევნილს ისევ უსაფრთხოებისკენ უბიძგებს და სამი საგუშაგოს გავლას, ყოველგვარი გარანტიის გარეშე აიძულებს.
ქალბატონი ნანა ქართულ-ოსური ფორუმების მონაწილეა, რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმა იმართება. იქ მას შესაძლებლობა აქვს ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს შეხვდეს და მათთან ისაუბროს. ეს მშვიდობიანი პროცესი მას თუ საფრთხის წინაშე დააყენებდა ვერც იფიქრებდა, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. ერთ-ერთი შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ახალგორში უშიშროების სამსახურმა დააკავა და დაწვრილებით გამოკითხა, რატომ წავიდა საზღვარგარეთ და ესაუბრა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს.
ქალბატონი ნანა ამბობს, რომ ამ შემთხვევამ ძალიან შეაშინა. საშიშ საქმეში რომ ედგა ფეხი კიდევ უფრო დარწმუნდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ სამშვიდობო ფორუმის ერთ-ერთი ცხინვალელი მონაწილე მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ სასტიკად ეცემათ ქუჩაში:
„მას შემდეგ კიდევ წავედი ასეთ ფორუმზე და ახალგორშიც შევედი, თუმცა უშიშროებას აღარ დავუკავებივარ,“- ამბობს ქალბატონი ნანა.
რაც შეეხება დე-ფაქტო პრეზიდენტის ინიციატივას ახალგორელებისთვის სახლების ჩამორთმევის შესახებ, ქალბატონი ნანა ამბობს, რომ რამდენიმე ასეთ ინციდენტს ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა მსგავს ქმედებას ახალგორში მასობრივი ხასიათი ჯერჯერობით არ აქვს.
ასევე გაკეთდა განცხადებები ახალგორიდან ქართული ლარის ამოღების თაობაზე. ქალბატონი ნანა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლარით ვაჭრობა ახალგორში ისევ დაშვებულია და ეს აკრძალვა თუ ვალდებულება ისეთი მოვლენების რიცხვშია, როგორც მაგალითად ბრძანებულება სახლების ჩამორთმევის ან ახალგორში გადაადგილების წესის შესახებ. ეს ყველაფერი ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არამუდმივობის კანონს ემორჩილება.