დღეს იწყება ჩინეთის პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ გასულ წელს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა გაუარესდა, რაშიც ჩინელები შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ, იუწყება "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის ჟურნალისტი ვიქტორ ვასილიევი.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში ჰუ ჯინტაოს გამგზავრებამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ჩინელებისთვის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება „ძალიან მნიშვნელოვანია.“
18 იანვარს მოსკოვსა და პეკინს შორის გამართული ვიდეო ხიდის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიოში, უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა. მოსკოვში მდებარე შეერთებული შტატებისა და კანადის ინსტიტუტის რეგიონალური პრობლემების ცენტრის წამყვანი თანამშრომელი სერგეი ტრუში აღნიშნავს, რომ ამ ბოლო დროს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა მსოფლიო თანამეგობრობას საფიქრებელს ბევრს აძლევს.
ტრუშს მიაჩნია, რომ ეს გარემოება უწინარეს ყოვლისა უკავშირდება იმას, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები იმდენად გავლენიანი სახელმწიფოები გახლავთ, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში ვაშინგტონისა და პეკინის ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ყველა სფეროში შეინიშნება:
„სწორედ ამით აიხსნება ესოდენ დიდი ინტერესი უმაღლესი დონის კონტაქტებისა და ვაშინგტონში პრეზიდენტ ჰუ ჯინტაოს ვიზიტის მიმართ“ - აღნიშნავს რუსი ექსპერტი.
რაც შეეხება ობამას, ადმინისტრაციის პოლიტიკას ჩინეთის მიმართ, სერგეი ტრუშმა ჩინეთ-ამერიკის დიალოგში ორ მნიშვნელოვან მომენტს ხაზი გაუსვა:
„ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ვაშინგტონ-პეკინის დისკუსიების ცენტრში სავალუტო საკითხი მოექცა. აქ როგორც ამერიკული, ისე ჩინური არგუმენტები არსებობს. სწორედ ამ დისკუსიის ფარგლებში ჩადებულია მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი “ - აღნიშნა ტრუშმა.
რუსი ექსპერტის აზრით, ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ ვიმსჯელოთ, ჩინეთ-ამერიკის დისკუსიაში უწინარეს ყოვლისა აისახება ის წინააღმდეგობა, რომელიც გლობალიზაციისა და წარმოების ტრანსნაციონალური გავრცელების პირობებში, შეერთებული შტატების განვითარებულ პოსტ-ინდუსტრიულ ეკონომიკასა და ჩინეთის უფრო დინამიურ და განვითარებად ეკონომიკას შორის შეინიშნება:
„ის დავა, რომელიც იუანის გაცვლით კურსს უკავშირდება და რომელიც ოფიციალური ვიზიტის დროს განხილვის საგანი იქნება, თავისი არსით წარმოადგენს იმ მრავალწლიან და ზოგადად წარმატებულ ძალისხმევას, რომელსაც პეკინი იჩენს, რათა ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში შევიდეს იმ პირობებზე, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მისაღებად და ადეკვატურად მიიჩნევს “- განაცხადა რუსმა მკვლევარმა.
კითხვაზე, თუ რა შედეგებია მოსალოდნელი შეერთებულ შტატებში ჰუ ჯინტაოს ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ საერთაშორისო პრობლემების კვლევის ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა შენ შილიანმა აღნიშნა, რომ მას იმის იმედი აქვს, რომ ვიზიტი დადებით შედეგებს გამოიღებს:
„როცა ლაპარაკია ამერიკასთან ურთიერთობებზე ჩვენ ოპტიმისტები ვრჩებით “ - აღნიშნა ჩინელმა ექსპერტმა.
შენ შილიანს მიაჩნია, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა ამჟამად ბევრად უფრო დადებითია ვიდრე ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა:
„რუსეთთან ჩვენ მსხვილი სახელმწიფოებისთვის საკმაოდ უჩვეულო ურთიერთობის სახეობას მივაღწიეთ. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გახლავთ. ჩვენ ბევრ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ და ურთიერთობას ბევრი პარამეტრის მიხედვით ვანვითარებთ. ამ მხრივ, თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანია “- დასძინა შენ შილიანმა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჩინელების აზრით ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სიაში დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდება და ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო დისბალანსი შევა.