ურთიერთობის რა წესების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე? რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რაც დაგვეხმარება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აწყობაში? პასუხები ამ კითხვებზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა მათ ხმა არ მიუწვდებათ დიდი პოლიტიკის ავტორებთან, შესაბამისად, მათი სურვილებიც და იდეებიც კონფლიქტის მოგვარების შესახებ პატარ-პატარა საზღვრისპირა სოფლების ორღობეებს არ სცილდება. არის თუ არა მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის კონფლიქტების ჯერ შერბილება, შემდეგ მოგვარება?
რამდენიმე დღის წინ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ახალი დოკუმენტის შექმნის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა:
"მოდალობები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის პირდაპირი გაგრძელებაა და ეს დოკუმენტი ძალიან გამარტივებულ და დასაშვებ პირობებს უქმნის იმ ორგანიზაციას, რომელსაც უნდა სტრატეგიის ფარგლებში საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აყალიბებს ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს, რითაც გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ სტრატეგიაში განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. ასევე განისაზღვრა იმ ორგანიზაციების ვალდებულებები – დაიცვან ტოპონიმიკა და თავიანთ ბეჭდურ თუ ელექტრონულ დოკუმენტებში არ ჩაწერონ „ლენინგორ“, „ტკვარჩაკ“ და სხვა, უნდა დაიცვან პარიტეტის პრინციპები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. საქართველოს ხელისუფლების მიზანია, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციას, შეაჩეროს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოახდინოს ამ ტერიტორიების და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.“– ესაა ციტატა საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ელექრტონული საინფორმაციო გამოშვებიდან, რაც სიახლის, ეგრეთ წოდებული მოდალობების დოკუმენტის შექმნის შესახებ გვამცნობს.
ექსპერტები, რომლებიც კონფლიქტების საკითხებზე მუშაობენ, ერთხმად აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური ურთიერთობის გზაზე ბარიერად იქცევა, რადგან იგი ამ რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანებს ავალდებულებს აიღონ ეგრეთ წოდებული ნეიტრალურ პასპორტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გასცემს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანს მხოლოდ ამ საბუთის მეშვეობით ექნება ლეგალური უფლება გაემგზავროს საზღვარგარეთ და დაესწროს საერთაშორისო და ნაციონალური ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებს.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი, რომლის ორგანიზაცია აქტიურადაა დაკავებული მსგავსი შეხვედრების საზღვარგარეთ ორგანიზებით, საზოგადოებრივ დონეზე და შესაბამისად, ზედმიწევნით იცის აფხაზებისა და ოსების განწყობა, ამბობს, რომ დოკუმენტი მოდალობების შესახებ დიალოგის პროცესს საერთოდ ჩაშლით ემუქრება.
საერთაშორისო სტრატეგიისა და კველევის ცენტრის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ კონგლიქტის მხარეებს შორის დიალოგის პროცესი სახელმწიფოებრივ დონეზე, წინ წასვლას ვერ ახერხებს. იგი დასაწყისშივე კვდება მთელ რიგ ფორმალობებზე შეთანხების მიუღწევლობის გამო. მოდალობების დოკუმენტის შემოღებით კი ხელოვნური საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ დონეზე გამართულ მოლაპარაკებებსაც.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრები ჯერ ცხინვალსა და ახალგორში გამართა, შემდეგ კი წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა და იქაური რეალობა საკუთარი თვალით იხილა. ვოლებეკი ცხინვალში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შევიდა და ახალგორის საგუშაგოდან გამოვიდა. ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ეუთოს უმაღლესი კომისრის ეს ქმედება მის პასუხადაც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ქართული, ასევე რუსული პოლიტიკის მიმართ. ვოლებეკმა ცხინვალიდან შესვლით და ახალგორიდან გამოსვლით, ქართული კანონმდებლობაც დაარღვია და რუსულიც.