ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთი საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ"


„რუსეთი საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ"
„რუსეთი საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ"

„უკრაინის ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიის გამოცდას წარმოადგენს“ - გაზეთ „ვაშინგტონ პოსტი“, 28 ოქტომბერი.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ მარია დანილოვას სტატიით სათაურით „უკრაინის ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიის გამოცდას წარმოადგენს,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები შეზღუდა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების საქმიანობის გამოძიების მიზნით უსაფრთხოების ძალები გამოიყენა, კონსტიტუციაში პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის მიზნით ცვლილებები შეიტანა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა სცადა.

როგორც ჩანს, კრემლის მიმართ მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი დემოკრატი არ გამოდგა.

მიმომხილვებელი აღნიშნავენ რომ, მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს ბარომეტრს იმისა, თუ რამდენად გადააგორა უკან იანუკოვიჩმა დემოკრატიული რეფორმები მას შემდეგ, რაც 2004 წელს მან წარუმატებლად პრეზიდენტობის მოპოვება სცადა, რამაც ნარინჯის ფერი რევოლუცია გამოიწვია, რის შედეგადაც ქვეყანაში ქაოტური დემოკრატიის პერიოდი დაიწყო.

ამ 46-მილიონიან ქვეყანაზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი და დასავლეთი უკვე დიდი ხანია პაექრობენ. აღსანიშნავია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს სწორედ უკრაინაზე გამავალი მილსადენების მეოხებით ღებულობს. ხსენებული პაექრობა უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესა და იმავდროულად ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის კურსი აიღო.

პრეზიდენტის ძალაუფლების კონცენტრაცია, არჩევნებში დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე შემოღებული შეზღუდვები დასავლეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

მიმდინარე თვის მანძილზე შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს იანუკოვიჩთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელშიც მან ძალაუფლების განაწილების დემოკრატიულ მექანიზმებზე ისაუბრა და იანუკოვიჩს თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ნარინჯისფერი რევოლუციის გმირი იულია ტიმოშენკო, რომელმაც თებერვალში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო და შემდგომში პრემიერ მინისტრის თანამდებობა დაკარგა, დარწმუნებულია, რომ მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნები გაყალბებული იქნება. იგი იანუკოვიჩის მთავრობას ყალბი საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვაში, მისი მომხრეების დაშინებასა და საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის მონაწილეობის დაბლოკვაში ადანაშაულებს.

ბოლო ხანებში მთავრობამ ოპოზიციური დემონსტრაციების გამართვაზე შეზღუდვები შემოიღო, რამაც ფაქტობრივად ნარინჯის ფერი რევოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული მონაპოვარი გააქარწყლა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ კიევის ქალაქის ხელისუფლების თხოვნით, გასულ კვირას სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტიმოშენკოს პარტიას იანუკოვიჩის ოფისის წინ საპროტესტო დემონსტრაციების გამართვა აუკრძალეს იმ საბაბით, რომ ამგვარი ღონისძიებები უკრაინის ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის.

ამას გარდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისინი ზეწოლას განიცდიან. გასულ თვეს ეროვნული უშიშროების სამსახურმა მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიება დაიწყო იმის გამო, რომ მათ ოპოზიციასთან კავშირებში ადანაშაულებენ. უშიშროების სამსახურმა აგრეთვე დააკავა ისტორიკოსი, რომელიც საბჭოთ პერიოდში უშიშროების სამსახურის საქმიანობას იკვლევდა.“

უცხოური პრესის მიმომხილვას ვაგრძელებთ მაქსიმ ტრუდოლიუბოვის სტატიით „რუსეთი საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ოფიციალურ რუსულ კალენდარში 30 ოქტომბერი პოლიტიკური პატიმრების მოხსენიების დღეა, მაგრამ ეს თარიღი სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით "ჩვენი" როდია. რუსულმა საზოგადოებამ, არაფერი რომ არ ვთქვათ ამჟამინდელ პოლიტიკურ მმართველ წრეებზე, საბჭოთა მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულები არ აღიარა.

ბევრ რუსს კვლავინდებურად სჯერა, რომ ეს საკითხი "უცხოურია", ანუ დასავლეთი მას ჩვენ განგებ გვახვევს, რადგან წარულთან დაპირისპირება საზოგადოებისთვის საზიანო იქნება. ისინი ამას ფიქრობენ არა იმიტომ, რომ ისინი სტალინისტები არიან, არამედ იმის გამო, რომ ბევრს სჯერა, რომ საბჭოთა რეჟიმის დანაშაულების დაგმობა მათ, მათ მშობლებს, ან ძველი თაობების კომუნისტური რეჟიმის მართლმოწრმუნეებს შეურაცხყოფას მიაყენებს, მათ ხსოვნას წაბილწავს და მათ რაღაც მნიშვნელოვანს ჩამოართმევს. ამგვარ კოლექტიურ ამნეზიას აგრეთვე ასაზრდოებს რუსული საზოგადოების ინტელიგენციის მიმართ ტრადიციული უნდობლობა, რადგან "ლიბერალებს", "რეფორმატორებს", "დემოკრატებსა" და "ადამიანის უფლებების დამცველებს" ხშირად წარსულის დაგმობასთან აიგივებენ.

წარსულთან დაპირისპირება, უწინარეს ყოვლისა თვით რუსების გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ წარსულთან გამკლავება შეგვიძლია. დასავლეთს საკუთარი პრობლემები გააჩნია, ხოლო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რუსეთის დადანაშაულების მეოხებით საკუთარი ისტორიის გამართლება შეუძლიათ. ჩვენ ამგვარი ფუფუნება არ გაგვაჩნია.

საბჭოთა სახელმწიფო იყო საბჭოთა პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მთავარი ჩამდენი და ამ ფაქტის აღიარება, წარსულთან გამკლავების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალზედ რთულია იმ პოლიტიკური სისტემის პირობებში, რომელიც სახელმწიფოს შეუცდომლობას ემყარება. სწორედ ამით აიხსნება კოლექტიური ამნეზია, ამით აიხსნება ის, რომ არ არსებობს ამ საკითხისადმი მიძღვნილი ეროვნული მუზეუმი, რომ ისტორიულ სახელმძღვანელოებს ახლიდან ადგენენ და რომ არსებობენ მხოლოდ საბჭოთა პერიოდის მსხვერპლნი და არა დამნაშავეები. ვლადიმირ პუტინისა და მისი მომხრების მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც ერთი შეხედვით სტალინის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სინამდვილეში მიზნად ისახავს იმის დამტკიცებას, რომ რუსეთში ლეგიტიმურობის ერთადერთ წყაროს სახელმწიფო წარმოადგენს.

საბჭოთა კავშირის დანაშაულების აღიარება რუსეთის სახელმწიფოს ბოლოს არ მოუღებს. პირიქით, ეს იქნება მისი დასაწყისი. შედეგად შეიქმნება ის მორალური საფუძველი, რომელიც აუცილებელია კორუფციის დასაძლევად, სახელმწიფო მართვისა და მთელი ერის მორალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. "ჩვენ" და "ისინი" - ანუ ჩვენ და სახელმწიფო - კვლავინდებურად ერთმანეთთან კონფლიქტში ვიმყოფებით და ეს დაპირისპირება დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ საბჭოთა წარულს დავუპირისპირდებით.“

XS
SM
MD
LG