კონფერენციას ესწრებოდა რუსეთის საკითხების ექსპერტი პროფესორი პაველ ბაევი. აი, როგორ გამოეხმაურა ბაევი საქართველოს მთავრობის ინიციატივას ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმი შემოღებასთან დაკავშირებით:
„ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სავიზო რეჟიმის არსებობა მოსკოვში მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს, განსაკუთრებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის იდეის კონტექსტში. ამდენად საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება კეთილ მეზობლური ურთიერთობების განვითარების კონტექსტში საკმაოდ ლოგიკური და მოსალოდნელიც არის, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის ფარგლებში, ამ ნაბიჯს სულ სხვა დატვითვა მიეცა. მას ძალიან დიდი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში. ვფიქრობ ამ გადაწყვეტილებამ ორივე მიზანს მიაღწია - ერთის მხრივ, საქართველოს ირგვლივ გადაუჭრელი საკითხების მიმართ ყურადღება გაიზარდა, ხოლო მეორეს მხრივ ეს გადაწყვეტილება იმის მანიშნებელიც იყო, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მზად არის გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები.“
რაც შეეხება საფრანგეთის ქალაქ დოვილში ახალხან გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი ესწრებოდნენ, ბაევმა აღნიშნა:
„ვფიქრობ ამ შეხვედრის განრიგი უფრო მეტ საკითხს შეიცავდა ვიდრე ის რაც მედიას გაუმხილეს. პრეზიდენტ მედვედევისთვის მოლაპარაკებათა სწორედ ამ ფორმატის - ევროპის ეგრეთწოდენული სამეულის - აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ხოლო ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც ამჟამად შიდა პრობლემებით არიან დაკავებულები, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მედვედევის ჩართვა იმ დისკუსიაში, რომელიც მან ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ თვითონ წამოიწყო. ამას გარდა მათ სურთ, რომ მედვედევმა უარი თქვას მის მიერ შემუშავებული ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეთანხმების პროექტზე, რადგან ის ძალის გამოუყენებლობის მუხლს შეიცავს, რომელიც ფაქტობრივად შემდგომ მოლაპარაკებებს გამორიცხავს. მათ აგრეთვე მიაღწიეს იმას, რომ მედვედევი ლისაბონში ნატოს სამიტში მონაწილეობაზე დათანხმდა.“
ბაევს მიაჩნია, რომ ნატოს სამიტი ლისაბონში ძირითადად ალიანსის შემდგომი განვითარების საკითხებს დაეთმობა. რუსეთთან ურთიერთობების თემას სამიტზე უფრო ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ ვიდრე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში ალიანსის გარდაქმნის საკითხების განხილვას. ბაევის აზრით, ალიანსის წევრი ქვეყნები დიდ ყურადღებას დაუთმობენ აგრეთვე ავღანეთის შემდეგ ნატოს გადარჩენის საკითხსაც, რაც ძალზედ პრობლემატურ თემად რჩება. მისი თქმით:
„მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ მათი ერთობა, რაც ალბათ სამიტის მთავარი შედეგი იქნება. სწორედ ამ კონსენსუსის საფუძველზე რუსეთთან ურთიერთობის განვითარების განხილვა ბევრად უფრო ადვილი იქნება. ანტი-სარაკეტო სისტემის პერსპექტივას მე საკმაოდ პესიმისტურად ვუდგები. როგორც მოგეხსენებათ, ნატოში ამ საკითხს უყურებენ როგორც რუსეთთან ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობას. იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი შეიარაღებული ძალების შემცირებას ახორციელებს. ამ კონტექსტში მე ნამდვილად მეეჭვება, რომ ევროპელები საკმაოდ ჰიპოთეტური საფრთხისგან დასაცავად ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნაზე რაიმე მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებენ. ამდენად, ვფიქრობ ანტი-სარაკეტო სისტემა დისკუსიებისთვის ნოყიერ საგანს.
ინტერვიუს დასასრულს ბაევმა ჩეჩნეთის პარლამენტზე ახლახან მომხდარი თავდასხმის ფონზე, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი რთული მდგომარეობა ამგვარად შეაფასა:
„ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის ახალი ტალღა აგორდა. ეს ახალი სახის ტერორიზმია. მას სულ სხვა თვისებები ახასიათებს, რომელთა განსაზღვრა ადვილი როდია. აღსანიშნავია, რომ თავდასხმები საკმაოდ უნიკალურია. მაგალითად, პირველად ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი რესპუბლიკის პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა დაფიქსირდა. პირველად ჩვენ ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი თავდასხმის მოწმეები გავხდით. ახლა კი, პირველად მეამბოხეებმა ჩეჩნეთის პარლამენტზე თავდასხმა მოაწყვეს. ჩეჩნეთში ეს იმას უკავშირდება, რომ იქ მეამბოხეთა ახალი თაობა ჩამოყალიბდა. მათთვის ომის წარმართვა ცხოვრების წესი გახდა. ისინი ახალგაზრდები არიან და ომის გარდა არაფერი აინტერესებთ. ამდენად ჩეჩნეთში შექმნილი მდგომარეობა დაღესტანსა თუ ინგუშეთში შექმნილი ვითარებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩემი აზრით, ტერორიზმსა და კორუფციას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. რა დასამალია, რომ ამ რეგიონში მთავარი ეკონომიკური საქმიანობა ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიების განაწილებასა და მოხმარებაში გამოიხატება. პარადოქსულად ტერორისტული ქსელების საქმიანობა კორუფციის გამო, სწორედ ამ წყაროდან ფინანსდება. სამწუხაროდ, მოსკოვში არ იციან, თუ რა ზომების მიღება არის საჭირო ამ ტენდენციის აღმოსაფხვრელად.“