ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დაზვერვის მეთორმეტე „მეგობარი“


რუსული დაზვერვის მეთორმეტე „მეგობარი“
რუსული დაზვერვის მეთორმეტე „მეგობარი“

გრძელდება თუ არა ჯაშუშთა სკანდალი

რამდენიმე დღის წინ, როდესაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა ავსტრიის დედაქალაქში ჯაშუშები გაცვალეს, ყველას ეგონა, რომ ამით ორი კვირის წინ აგორებული სკანდალი დასრულდა. თუმცა, გუშინ კვლავ გავრცელდა ინფორმაცია ამერიკიდან მეთორმეტე რუსი ჯაშუშის დეპორტირების შესახებ. ის რუსეთის მოქალაქე ალექსეი კარეტნიკოვი აღმოჩნდა. ოფიციალური ბრალდება საიმიგრაციო რეჟიმის დარღვევა იყო. ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოდ გააშუქა „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქცია, რაც ვფიქრობ ქართველი მსმენელისთვისაც არ იქნება ინტერესს მოკლებული.

როგორც მოგვიანებით, სააგენტო „ასოშეიტედ პრესმა“ გაარკვია, მეთორმეტე ბრალდებულისთვის ჯაშუშობაში ბრალის წაყენება ვერ შეძლეს, რადგან გამოძიებას ხელთ არ ქონდა სათანადო მტკიცებულებები. როგორც მწირი მასალებიდან ირკვევა, გამოძიების ფედერალური ბიურო კარეტნიკოვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსეთის თერთმეტი ჯაშუშისგან შემდგარი ქსელის გაშიფრვა მოხერხდა. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის და შესაძლოა არც არასდროს აეხადოს ფარდა. თუმცა, ამერიკელი ანალიტოკოსები და ჟურნალისტები უკვე გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს.

ჰარვი კლერი ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის პოლიტიკის და ისტორიის პროფესორია. ის თანაავტორია წიგნისა „ჯაშუშები, კაგებეს აღმავლობა და დაცემა ამერიკაში.“ კლერი მიიჩნევს, რომ დაპატიმრებულ თორმეტ აგენტს აუცილებლად ექნებოდათ კონტაქტები მთავარ რეზიდენტთან, რომელიც აკონტროლებდა ჯაშუშების მოქმედებას. მისი აზრით, მეთორმეტე ჯაშუში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განგებ არ დააკავა, რადგან სჭირდებოდათ გაეგოთ, გაიწვევდა თუ არა უკან მოსკოვი ამ პიროვნებას. როდესაც ეს არ მოხდა, ის მხოლოდ მაშინ დაკავეს. „ეს შესაძლოა კიდევ ერთი სიგნალი იყოს მოსკოვისთვის, რომ ჩვენ ვიცით თქვენი აგენტები და უმჯობესია თუ თქვენ მათ თავად გაიწვევთ,“- განუცხადა კლერმა „ამერიკის ხმას.“

მისი თქმით, თუკი მეთორმეტე ჯაშუში დანარჩენ თერთმეტთან იყო დაკავშირებული და ის მოსკოვმა არ გაიწვია, ეს ამ საქმის საკმაოდ უცნაური დეტალი ხდება.

„ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადაზვერვო უწყებები კარგად აწყობილი მანქანებივით მუშაობენ, თუმცა როგორც ჩემი გამოკვლევები ცხადყოფს, ხშირად ეს უწყებები ისეთ ბიუროკრატიულ ოგანიზაციას წარმოადგენენ, სადაც მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მისი მარცხენა. რუსეთში საგარეო დაზვერვის სამსახური (იგივე ეს-ვე-ერი), იმედოვნებდა, რომ მეთორმეტე ჯაშუშს ვერ გაშიფრავდნენ,“ - აცხადებს კლერი.

დენიელ მაკგროარტი ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უფროსის რეფერენტი იყო. ამჟამად კონსალტინგ-კომპანია „კერმოტ სტრატეგიკ გრუპის“ ხელმძღვანელია. მან ყურადრება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ეს მეთორმეტე ჯაშუშის დაპატიმრება მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის და ამერიკის ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ეს ჯაშუშური სკანდალი მათ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. მას არ უკვირს მეთერთემტე ჯაშუშის ახალგაზრდული ასაკი. მისი თქმით, თავიდან დაკავებულმა ანა ჩაპმანმაც რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობა ადრეულ ასაკში დაიწყო - ის მხოლოდ 23 წლის იყო.

მისი აზრით, რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის არ იყო მთავარი თუ რას აკეთებდა ეს ახალგაზრდა კაცი დღეს, მათთვის მთავარი იყო, თუ რას იზამდა ის ხვალ, 10-15 წლის შემდეგ. პროფესორი კლერი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის გადმობირების საკითხი.

„1930-იან და 40-იან წლებში საბჭოთა დაზვერვამ შეერთებულ შტატებში საოცარ წარმატებას მიაღწია. თუმცა მაშინ ეს ხალხი იდეოლოგიას ეყრდნობოდა. ისინი ამერიკელ კომუნისტესბ იბირებდნენ. ცივი ომის დროს კი მათ დაიწყეს სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმული ადამიანების გადმობირება, რითიც ისინი ამერიკულ ტექნოლოგიებზე იღებდნენ ცნობებს,“ - ამბობს კლერი. ამჟამად კი დაზვერვამ არალეგალების მთელი ქსელი გამოიყენა. კლერის თქმით, არავინ იცის, თუ რა შედეგს მიაღწიეს ამ ჯაშუშებმა შეერთებულ შტატებში. ამას არც რუსები და არც ამერიკელები არასდროს იტყვიან.

პროფესორი ჰეიესი კი, მინესოტას უნივესიტეტიდან, ფიქრობს, რომ ამ სკანდალით პირველ რიგში ვლადიმირ პუტინის იმიჯს მიადგა ზიანი, რადგან მისი პერსონა „კაგებესთან,“ შემდეგ რუსეთის დაზვერვასთან და ბოლოს რუს ძალოვნებთან არის ასოცირებული.

„ეს სკანდალი მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.და ვის აწყობდა ეს? თუკი ყურადღებას მივაქცევთ ეს დაპატიმრებები ვაშინგტონში ობამას და მედვედევის შეხვედრის შემდეგ მოხდა. ობამას ადმინისტრაცია დაინტერესებულია პუტინის დასუსტებით და მედვედევის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით. ასევე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს სკანდალი, რუსულ დაზვერვაში არსებული ამერიკის „თხუნელის“ მიერ განხორციელდა,“ - ამბობს ჰეიესი.

ჩვენის მხრივ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია. რეალური ისტორია ალბათ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG