ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა


თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა
თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა

წინასწარ პატიმრობას ხელისუფლება დასჯის ერთ-ერთ მეთოდად იყენებს

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით თურქეთის ციხეებში ათასობით პოლიტიკური აქტივისტი და 100-ზე მეტი ჟურნალისტია. მათი დიდი ნაწილი იქ უკვე რამდენიმე წელიწადია წინასწარი პატიმრობის კვალიფიკაციით იმყოფება და სასამართლო პროცესის დანიშნვას ელის. უცხოელი თუ ადგილობრივი უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთის საპატიმროებში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის გამო და მიიჩნევენ, რომ წინასწარ პატიმრობას ხელისუფლება დასჯის ერთ-ერთ მეთოდად იყენებს.

თურქმა სწავლულებმა რამდენიმე დღის წინ სპეციალური კამპანიაც კი წამოიწყეს. ის ანტიტერორისტული კანონმდებლობის საფუძველზე სტუდენტთა და პროფესორთა დაპატიმრების გახშირებული ფაქტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად. წამყვანი აკადემიკოსი და კამპანიის ორგანიზატორი, პროფესორი ზეინეპ გამბეტი აცხადებს, რომ დაპატიმრებულთა უმრავლესობას ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობა ედება ბრალად. ქალბატონი გამპეტი კანონის გატარების ღონისძიებებში მეტ გამჭვირვალეობას მოითხოვს. თურქეთის სახელმწიფო ქურთისტანის მუშათა პარტიას უკანონო დაჯგუფებად მიიჩნევს.

„ოფიციალურად 100 სტუდენტია დაპატიმრებული. მათ შორის სასჯელს იხდის ისეთი სტუდენტი, რომელიც შარშან ქურთისტანის თავშლის დახურვისთვის დააპატიმრეს. არც ბრალდება ვიცით, არც ის, თუ როდის შედგება სასამართლო. ის უკვე ერთი წელია, რაც ციხეში ზის. ეს ყოველივე ახალი ანტიტერორისტული კანონის შემოღების ბრალია, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანი პატიმრობაში სასამართლოს გარეშე ამყოფო. არიან ისეთებიც, ვინც უკვე ორი წელიწადია სასამართლო პროცესს ელის“ - აცხადებს პროფესორი.

მხოლოდ გასულ კვირაში ანტი-ტერორისტული კანონის დარღვევის გამო 150 ადამიანი იქნა დაპატიმრებული. მხოლოდ რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს. დიდი უმრავლესობა ციხეში რჩება. უფლებადამცველელი ჯგუფების განცხადებით ამგვარი ადამიანების რაოდენობა სულ ცოტა 6 000-ს შეადგენს. მათი უმეტესი ნაწილიც წლები თუ არა, ციხეში მინიმუმ რამდენიმე თვეს ატარებს. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავები წინასწარ პატიმრობას დასჯის მეთოდად იყენებენ.

ევროკომისიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, თომას ჰამერბერგი აღნიშნავს, რომ წინასწარი პატიმრობის სასჯელად გამოყენების ხშირი შემთხვევები აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს:

„ეს ხშირად ხდება, ზედმეტად ხშირად. მოსამართლეები უმეტესად ისე აწერენ დაპატიმრების შესახებ პროკურორის მოთხოვნას ხელს, რომ დოკუმენტში არც იხედებიან. არ აინტერესებთ, რაშია საქმე, რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა. ეს ყოველივე უკვე თითქმის რუტინულ პროცედურად იქცა“.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკით გარემოცული სადულა ერგინი, თურქეთის იუსტიციის მინისტრი, მოსახლეობას დაპირდა, რომ სასწრაფო ზომებს მიმართავდა.

მისი განცხადებით დაპატიმრების, თავდების გადახდაზე უარის თქმის და სხვა მსგავსი პროცედურები ამიერიდან წერილობით დაფიქსირდება. ამასთან ერთად ბატონმა ერგინმა პარლამენტს რეფორმების მთელი სერია წარუდგინა, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა. თუკი თურქეთის პარლამენტი აღნიშნულ რეფორმებს დაამტკიცებს, მათ კანონის ძალა სულ ერთ თვეში ექნებათ. მთავრობის განცხადებით რეფორმების ყურადღების ცენტრში ჟურნალისტების დაპატიმრების და წინასწარი პატიმრობის რეგულირების დარგში შეთავაზებული ცვლილებებია.

თუმცა, უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გეგმით კმაყოფილი არ არიან და თვლიან, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები მათში არაადეკვატურად არის ასახული. მათ ეთანხმება შეერთებულ შტატებში ბაზირებული ორგანიზაციის „ჰიუმან რაითს ვოჩის“ თანამშრომელი, მკვლევარი ემა სინკლერ ვები, რომელიც რეფორმების პაკეტს „კოსმეტიკურს“ უწოდებს.

რიზა ტურმენს, ყოფილ ევროსასამართლოს ადამიანის უფლებათა მოსამართლეს და ამჟამად თურქეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრთის წევრს მიაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონის რეგულირება პრაქტიკულად არ იცვლება და ის არსებობას ძველებურად გააგრძელებს.

ევროსასამართლოს მიერ განხილულ საჩივართა რაოდენობის მიხედვით თურქეთმა 2011 წელს ყველა ქვეყანას გაუსწრო. ამასთან, 228 განხილული საჩივრიდან 83 წინასწარ პატიმრობასთან იყო კავშირში. ექსპერტების ვარაუდით მათი რაოდენობა სტრასბურგის სასამართლოშიც ყოველწლიურად გაიზრდება.

XS
SM
MD
LG