ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პოლიტიკა ირანის მიმართ


რუსული პოლიტიკა ირანის მიმართ
რუსული პოლიტიკა ირანის მიმართ

დასავლეთსა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, კრემლი ბალანსის პოლიტიკის გატარებას ცდილობს

რუსულ-ირანული ურთიერთობები ბოლო დროს მედიის და ანალიტიკოსების ყურადღებას იმსახურებს. მოსკოვი ირანს პირველი ბირთვული სადგურის აგებაში დაეხმარა, თუმცა შემდეგ თეირანს ჰაერსაწინაღო რაკეტების მიყიდვაზე უარი უთხრა.ირანის მიმართ კრემლის დაბალანსებული პოლიტიკის მიზეზებს მოსკოვიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.

როგორც რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ჯერჯერობით დაუდასტურებელი მონაცემებეით“ ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო კომპონენტებს შეიცავს. ასევე მისი თქმით, თეირანის გადაწყვეტილება ურანის გამდიდრების შესახებ საერთაშორისო რეზოლუციების დარღვევაა. დასავლეთსა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთი ერთგვარად ბალანსის პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

პიოტრ ტოპიჩანოვი მოსკოვის კარნეგის ცენტრში ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებს სწავლობს.

„რუსეთს არ სურს ირანში ბირთვული იარაღი იხილოს,“ - ამბობს ტოპიჩანოვი.

მისი თქმით, ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი რეგიონში გამალებული შეიარაღების დაწყების მიზეზი გახდება.

ევგენი სატანოვსკი მოსკოვის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ რუსეთს ასევე აშფოთებს რეგიონში თურქეთის გავლენის ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერდოღანის აგრესიული პოლიტიკით ხორციელდება.

„ჩვენ თურქეთის სახით ახალი ოტომანთა იმპერიის მოწმენი ვართ. რეჯებ ტაიპ ერდოღანი არის ადამიანი, რომელსაც საშიში ამბიციები გააჩნია და ის თავის თავს ოტომანთა სულთნად განიხილავს,“ - ამბობს სატანოვსკი.

ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ ირანთან და თურქეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთის მუსლიმურ სამხრეთში სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.

როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გასულ კვირას სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, შეერთებული შტატები ირანში რეჟიმის დამხობას გეგმავს. სატანოვსკი თვლის, რომ ირანში სამოქალაქო ომის დაწყება 3 მილიონზე მეტი დევნილის რუსეთის და აზერბაიჯანისკენ დაძვრას გამოიწვევს. ისტორიულად, როდესაც რუსეთის გავლენა იზრდებოდა, კრემლი ჩრდილოეთ ირანში არმიის ნაწილებს გზავნიდა.

ახლა კი, როგორც ტოპიჩანოვი ამბობს, რუსეთი მის სამხრეთში განვითარებული მოვლენების უფრო დამკვირვებელია, ვიდრე აქტიური მოთამაშე. თუმცა, ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ზრდის პარალელურად ირანის მიმართულებით რუსული პოლიტიკის გააქტიურებაც მოსალოდნელი ხდება.

XS
SM
MD
LG