სანდენსის ფესტივალი იუტას შტატის ქალაქ პარკ სიტიში 20 იანვარს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება. ფესტივალს დამოუკიდებელი რეჟისორები და მსახიობები მთელი მსოფლიოდან ესწრებიან. წელს 200 ფილმი იქნება ნაჩვენები, რომელთა შერჩევაც 9,000 ფილმიდან მოხდა.
ფილმი „კინიარვანდა“ საომარი მუსიკითაა გაფორმებული და მაყურებელს 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის შესახებ მოუთხრობს.
„არავის შვილი“ კი ნიუ იორკის ერთერთ უბანში, სადაც დანაშაულებრივი ფონი ძალიან მძიმეა, ახალბედა პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას ასახავს. წინასწარი შეფასებებით, ფილმი შესაძლოა წელს ოსკარზეც იქნას წარდგენილი.
ფესტივალზე ასევე გამოტანილია დოკუმენტური ფილმებიც. ერთერთი მათგანი მორგან სპურლოკის „ყველა დროის საუკეთესო ფილმის გაყიდვა.“ ფილმში კამერა რეჟისორს დაჰყვება ფილმისთვის სპონსორის მონახვის პროცესში. თავად რეჟისორის თქმით:
„ჩემი აზრით, თუ კარგად აწყობილი და საინტერესო სიუჟეტი გაქვს და რომელიმე კომპანიასთან მიხვედი და სთხოვე, რომ ფილმში მათ სახელს ან ტელეფონის ნომერს გამოიყენებ, ისინი შესაძლოა გარკვეული თანხის მოცემაზე დაიყოლიოთ.“
ფესტივალზე ძირითადად მცირე ბიუჯეტიანი დამოუკიდებელი ფილმებია წარმოდგენილი, რომლებითაც აქამდე უცნობი რეჟისორები და მსახიობები საზოგადოებისთვის თავის გაცნობას ცდილობენ. მაგრამ მიუხედავად ამ ტრადიციისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სანდენსის ფესტივალში ცნობილი მსახიობები და რეჟისორებიც მონაწილეობენ.
ოსკარის ნომინანტი მსახიობი ვერა ფერმიგა წელს რეჟისორის ამპლუაში წარსდგა სანდენსზე. ფილმს, რომელშიც თავად რეჟისორიც მონაწილეობს „მაღლობი“ ჰქვია:
„ამ ფილმში გადმოცემულია ორ ქალს შორის არსებული არაჩვეულებრივი მეგობრობა. ჩემი აზრით, ასეთი ფილმები არც ისე ხშირია. ჩვენ ხშირად გვჭირდება მსგავსი ისტორიების ნახვა და იმის შეხსენება, რომ სწორედ მეგობრებთან ურთიერთობით ვხდებით კარგი ადამიანები.“
სიტი პარკის მაღაროელების ძველი საავადმყოფოს შენობაში კინოსთან დაკავშირებული უახლესი ტექბოლოგიების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი ექსპონატები მაყურებელს მულტიმედიასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას აძლევს. მაგალითად, ექსპოზიციის კურატორი შარი ფრილო ამბობს, რომ ამერიკელი, ქანთრის სტილის ლეგენდარული მომღერალი ჯონი კეშის ცხოვრების შესახებ გადაღებული ერთერთი ყველაზე პოპულარული გამოდგა:
„მაყურებელს შეუძლია ფილმის ყურებისას, რომელიმე ერთი კადრი გააჩეროს და ინტერაქტიული მექანიზმით კადრი შეცვალოს ან გადააწყოს.“
იუტას ამ მთიან ქალაქში წელს 50 ათასი ადამიანი იყო ჩამოსული ფილმებით, ბუნებითა და მუსიკით დასატკბობად.
„მე აქ ფილმების საყურებლად და იმის სანახავად ჩამოვედი, თუ რა სიახლე შეიძლება იყოს წელს კინემატოგრაფიაში. გარდა ამისა, მინდა ხალხის გაცნობაც “ -აღნიშნავს ფესტივალის დამსწრე.
მეორე ქალბატონის თქმით კი:
„მე და ჩემი ოჯახი აქ სათხილამუროდ ვართ ჩამოსული, მაგრამ მე თხილამურობა არ შემიძლია და ამიტომ გადავწყვიტე ფილმებს ვუყურო.“
ბევრისთვის კი სანდენსის ფესტივალი დაუღალავი შრომის შედეგის დანახვაა:
„ეს დაუნდობელი ბრძოლაა, ისევე, როგორც კინოს ინდუსტრია ზოგადად. ჩვენ მეგობრებიც შეიძლება ვიყოთ, მაგრამ აქ ერთმანეთის კონკურენტები ვართ.“
სანდენსის ფესიტვალი წელს იუტაში 33-ჯერ იმართება.