ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი გრძელდება


ომი გრძელდება
ომი გრძელდება

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის მშვიდობა შეუზღუდავობას ნიშნავს, როდესაც შენი სურვილის მიხედვით წახვალ იქ, სადაც მოისურვებ.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების პირველი ნატვრა მშვიდობაა. რატომ ფიქრობენ, რომ ახლა არაა მშვიდობა და ისევ ომია? ამბობენ, მშვიდობა კი არა, ჯერ ნამდვილი ომიც არ დაწყებულაო. ისინი მაინც იქ, მესაზღვრეებად ცხოვრობენ, საკუთარი ოჯახებით და არსად წასვლა არ სურთ. მხოლოდ მშვიდობას ნატრობენ. მათთვის მშვიდობა შეუზღუდავობას ნიშნავს, როდესაც შენი სურვილის მიხედვით წახვალ იქ, სადაც მოისურვებ. როდესაც არავინ გეტყვის, რომ საზღვარი აქ გადის და ამის იქეთ წასვლა აკრძალულია, ან საშიშია.

ზაზა დოიჯაშვილი ერგნეთში მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს. მათი სახლი ომის დროს დაინგრა. ახლა ერთერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აგებულ კოტეჯში ცხოვრობს, რომელიც საკუთარ ეზოშივე აუშენეს, დანგრეული სახლის გვერდით. ამბობს, რომ ცხინვალელია, იქ პირველი სკოლა დაამთავრა და უამრავი მეგობარი ჰყავს. ყველაზე ძალიან კი ათვლის წერტილის, ანუ მშვიდობის პოვნა სჭირდება.

ზემო ნიქოზის მკვიდრი ვანო დურგლიშვილიც ცხინვალელია. ნიქოზში სახლი ბიძისგან მემკიდრეობით დარჩა. ის გვიყვება, რომ 92 წლის კონფლიქტის შემდეგ საკუთარი სახლის გაყიდვას სთავაზობდნენ ცხინვალში, რაზეც უარი განაცხადა:

„ვიფიქრე, ყველამ რომ ასე გაყიდოს სახლი, ეს ხომ კაპიტულაცია იქნება – თქო და უარი ვუთხარი ცხინვალში ჩემი სახლის გაყიდვაზე. პატრიოტობამ სახლი დამაკარგინა, მაგრამ არ ვნანობ, მჯერა, რომ სწორად მოვიქეცი" – ამბობს ვანო დურგლიშვილი. ახლა მისი მთავარი ნატვრა მშვიდობაა.

ერვანდ ჩიხლაძე ერგნეთში ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, სიძესთან და სამ შვილიშვილთან ერთად. ომის დროს მათი სახლიც დაინგრა. ამჟამად 7 ადამიანი ერთ კოტეჯში ცხოვორობს, 24 კვადრატულ მეტრ ფართში. მათი სახლი სოფლის განაპირას დგას, ზედ საზღვართან. ბატონი ერვანდი წუხს, ორი კოტეჯი გვეკუთვნოდა და ერთი რატომ აგვიშენეს, ვერ გავარკვიეთო. იმის გარდა, რომ ვიწროდ არიან, კოტეჯში ელექტროენერგიაც არ არის. იმდენი ფული ჯერ ვერ მოვაგროვეთ, ელექტრო ხაზები რომ გამოგვეყვანაო. ტელევიზორის ეკრანს მეზობლებთან თუ შეავლებენ თვალს. ერგნეთის მკვიდრი ერვანდ ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში მშვიდობაა.

XS
SM
MD
LG