იაპონიაში ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა განახლდა. შეფერხების მიზეზი რადიოაქტიური ორთქლის გამოშვება იყო. ამის მიუხედავად, ინჟინრებმა კვლავ დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკმაო სირთულით გამოირჩევა. მიზეზი ის არის, რომ ბირთვული კონტეინერი, რომელსაც არემონტებენ, ურანის და პლუტონის ნაერთს შეიცავს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარება კრიტიკული არ არის და სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ფართომასშტაბიანი კატასტროფა. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი იოკიო ედანო ამბობს, რომ ინჟინრების ამოცანაა რადიოაქტიური საწვავის გაგრილება წყლის მისხურებით და ასევე წყლის ნაკადის შემცირება, რომელიც ტემპერატურას უაღრესად საშიშ დონემდე ზრდის.
„ექსპერტები ვითარებას ახლოდან აკვირდებიან და ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რეაქტორის გარეთავსი წნევისგან არის დაზიანებული,“ - აცხადებს ედანო
ფიზიკოსების თქმით, ფუკუშიმას კატასტროფა უფრო მეტად 1979 წელს შეერთებულ შტატებში სამი მილის კუნძულზე მომხდარ ავარიას წააგავს, ვიდრე 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიას.
თუმცა, რადიაციით გარემოს დაბინძურების პროცესი დაწყებულია. რადიაცია არის ჰაერში, ნიადაგსა და წყალში. მათ ვინც ფუკუშიმადან 30 კილომეტრის რადიუსში დარჩა, მთავრობა კვლავ სახლებში დარჩენას სთხოვს.
იაპონიის მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, რადიაციის დონემ ტოკიოში უკვე სამჯერ მოიმატა. ტოკიოს ადმინისტრაციის, ასევე ჩიბას და საიტამას პრეფექტურების განცხადებით, არსებული რადიოაქტიური იოდიდის დონე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მით უმეტეს, რომ ეს ნივთიერება უკვე სასმელი წყლის ონკანებშიც არის აღმოჩენილი. ამან კი პანიკა გამოიწვია და მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ბოთლის წყლის შეძენა.
რეაქტორის მოსაზღვრე რაიონებიდან კი ყოველგვარი ბოსტნეულის ტრანსპორტირება შეჩერდა, მას შემდეგ რაც მწვანილის ფოთლებში რადიოაქტიური იოდინის და ცეზიუმის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინეს.