იემენის ახალი გარდამავალი მთავრობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ალ-ყაიდას ტერორისტულ ქსელს ქვეყანაში უკვე ძლიერი გავლენა აქვს. შეერთებულმა შტატებმა იმენის ახალ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი იემენში არსებულ ვითარებას დედაქალაქ სანაადან აკვირდება.
შეერთებული შტატები იემენს ალ-ყაიდასთან ბრძოლაში დიდი ხნის განმავლობაში ეხმარება. ვაშინგტონი იმენის სამხედრო ძალებისთვის წვრთნის და აღჭურვის პროგრამას ახორციელებს, ასევე ანტიტერორისტულ ოპერაციებს უპილოტო საფრენი აპარატებით იგივე დრონებით ეხმარება. თუმცა, იემენში ბევრი ფიქრობს, რომ ეს დახმარება კი არა, უბრალოდდ საშინაო საქმეებში ჩარევაა. იგივეს ამბობს სანაას მცხოვრები მოჰამედ მოჰი ელ დინი. მისი თქმით, იემენს სურს რომ საკუთარი თავი თვითონვე დაიცვას. „ეს იემენია, სადაც იემენელები დამპყრობლებს ყოველთვის უმზადებდნენ სასაფლაოს,“ - ამბობს ელ დინი.
ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი იემენელებისთვის კი, ამერიკული დრონების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლია. 2009 წელს ოპერაციის შეცდომით ჩატარების შედეგად 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
თუმცა, ამავე დროს, ბევრი იმენელი ალ-ყაიდას წინააღმდეგაა განწყობილი და არ სურთ, რომ მათი ქვეყანა ტერორისტების თავშესაფარი გახდეს. პოლიტიკის ანალიტიკოსი ნასერ არაბი ამბობს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი ძალიან სამწუხაროა, თუმცა დრონების გამოყენება გამართლებულია.
„ჩვენ არ გვინდოდა ეს მსხვერპლი, თუმცა ალ-ყაიდასთან ბრძოლაში დრონები აუცილებელია. ამის გარეშე ალ-ყაიდა ნახევარ იმენს დაიკავებდა,“ - ამბობს ნასერ არაბი.
დრონების საშუალებით მოხდა გავლენიანი ტერორისტების ანვარ ალ-ავლაქის და აბდელ მონემ ფათანის განადგურება, რომლებიც 2000 წელს ამერიკული ნაღმოსანის აფთქებასთან იყვნენ დაკავშირებული. ამ დანაკარგების მიუხედავად ალ-ყაიდამ გასულ წელს ქვეყანაში არეულობის მოწყობა მაინც შეძლო. ზოგ რაიონებში მათი მმართველობა საკმაოდ სასტიკია. ისინი მოღალატეებს თავის კვეთით უსწორდებიან, ერთი მათგანი ჯვარზეც კი გააკრეს.
თუმცა, ბევრ ადგილას მათ მმართველობას მიესალმებიან. ნასერ არაბი იხსენებს ქალაქ ზინჯიბარში ჩასვლას, სადაც ალ-ყაიდას მმართველობაა დამყარებული, თუმცა მოსახლეობა მათ იდეოლოგიას არ იზირებს
„მე მათ ვკითხე, თუ რატომ არ იბრძვიან ალ-ყაიდას წინააღმდეგ. მათ მიპასუხეს: რატომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ, როდესაც მთავრობამ მიგვატოვა. ალ-ყაიდა ჩვენ რაღაც სამსახურებს გვაძლევს და რატომ უნდა ვებრძოლოთ მათ,“ - ამბობს არაბი.
მისი თქმით, მართალია იემენის საჰაერო სივრცეს მთავრობა ამერიკის დახმარებით აკონტროლებს, თუმცა ხმელეთზე პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია.