ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული რეიდები


პელევინი: „მიზანი ოპოზიციის ლიდერების და მომხრეების დაშინებაა“

დაახლოებით ერთი თვეა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნის ლიდერის ექვსწლიანი ვადის შესრულებას შეუდგა. ამავდროლად დისიდენტებზე შეტევა გაგრძელდა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ცდილობდა გაერკვია, თუ როგორ ემზადება ვლადიმირ პუტინი ახალი ფართომასშტაბიანი ოპოზიციური დემონსტრაციისთვის.

რუსეთის პოლიციამ ორშაბათს მოსკოვში ოპოზიციის ლიდერების სახლებში რეიდები მოაწყო. სამშაბათს კი რუსეთის დედაქალაქში პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ დიდი აქციაა დაგეგმილი. პოლიციამ 10-მდე სახლი და ოფისი გაჩხრიკა. მათი თქმით, ისინი ეძებდნენ სამხილებს ანტი-პუტინური დემონსტრაციის ორგანიზატორთა წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, 7 მაისს პუტინის ინაუგურაციის დღეს გამართული დემონსტრაციის დროს მომხდარი შეტაკებისას 20-მდე პოლიციელი დაშავდა, ხოლო 436 დემონსტრანტი დროებით დააკავეს.

დემოკრატიული რუსეთის კომიტეტის დირექტორი ნატალია პელევინი ამბობს, რომ ამ რეიდების მიზანი ოპოზიციის ლიდერების და მომხრეების დაშინებაა.

„ისინი ცდილობენ ელექტრონული აპარატურის კონფისკაციას, როგორიც არის კომპიუტერები, დისკები და სხვა ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა,“ - ამბობს პელევინი.

რეიდების დროს, პოლიციამ ოპოზიციონერი ბლოგერის ალექსეი ნავალნის და ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის ბინებში კარი შეამტვრია. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, სობჩაკის ბინიდან 1.900 000 დოლარი ამოიღეს.

ამის საპასუხოდ ქსენია სობჩაკმა თვითერზე გაავრცელა განცხადება: „დილის რვა საათზე შემომივარდნენ. ჩაცმაც კი არ მაცადეს. გაძარცვეს ჩემი ბინა. მომაყენეს შეუარცხყოფა.“

ლიბერალმა პოლიტიკოსებმა პოლიციის აქცია დაგმეს. ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ ამ აქციამ კრემლში რადიკალების პოზიციების გაძლიერება დაადასტურა. მარკ ფეიგინი დუმის ყოფილი წევრია. ის ამჟამად ოპოზიციურ პარტიას აყალიბებს. როგორც ამბობს პუტინს ეშინია, რომ მოსკოვის ქუჩის აქციები კონტროლიდან გამოვა. ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პუტინმა მოსკოვი წააგო.

„მას ძალიან ეშინია რევოლუციური სცენარის განვითარების, რადგან არ შესწევს მასთან გამკლავების ძალა.თავად პუტინი, ბაშარ ალ-ასადიც კი არაა,“ - ამბობს ფეიგინი.

პარასკევს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკანონო აქციებში მონაწილეობისთვის კოლოსალურ ჯარიმებს აწესებს. ზოგ შემთხვევაში ჯარიმის თანხა 9000 დოლარსაც აღწევს, რაც რუსეთში ერთი წლის ხელფასის ექვივალენტურია.

XS
SM
MD
LG