ყირგიზეთში პოლიცია განაგრძობს დაშინების კამპანიას და უზბეკების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებს. ასეთია „ჰუმან რაითს უოთჩის“ დასკვნა, რომელიც ყირგიზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წამების 60-ზე მეტი ფაქტია მოყვანილი. ოლი სოლვანგი „ჰუმან რაითს უოთჩის“ ნორვეგიელი მკვლევარია, რომელიც ყირგიზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას სწავლობდა. მის მიერ გაკეთებული დასკვნები 200-მდე ინტერვიუს ეფუძნება. ის ყირგიზეთს გასულ კვირას ეწვია.
„ორი დღის წინ ჩვენ ერთ ოჯახს ვეწვიეთ.ამ ოჯახის უფროსი, 63 წლის კაცი ერთი დღის წინ დააკავეს. მან პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი გაატარა. დაზიანებები ქონდა თავზე, კისერზე. ის ამბობდა რომ მთელი სხეული ტკიოდა და მთელი ღამე საწოლზე ყოფილა მიბმული. როდესაც მის ოჯახში მივედით მას გულის შეტევა ქონდა და პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს,“ - ყვება სოლვანგი. ეს კი მხოლოდ ერთი მომენტია იმ ფაქტებისა, რაც მოხსენებაშია აღწერილი.
გასულ თვეს დონორი ქვეყნები ყირგიზეთის დასახმარებლად 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამ ფულის დიდი ნაწილი ოქტომბერში არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიხარჯება. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ „ჰუმან რაითს უოთჩის“ ამ დასკვნამ შესაძლოა ყირგიზეთისათვის დასავლური დახმარება ეჭვის ქვეშ დააყენოს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულთა ოჯახებს პოლიცია ქრთამის სახით 100-დან 10 ათას დოლარამდე სძალავს. უფლებათადამცველებს ბევრმა უზბეკმა განუცხადა, რომ ისინი ქვეყნის დატოვებას აპირებენ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ივლისში ქვეყნის სამხრეთში მომხდარი მასობრივი არეულობის დროს, ყირგიზულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები უზბეკებით დასახლებულ უბნებში სამხედრო მანქანებს დაატარებდნენ და უზბეკების მიერ აგებულ ბარიკადებს ანგრევდნენ. ასევე უზბეკურ რაიონებში ხშირი იყო მოროდიორობის ფაქტები.
ამ მასობრივი არეულობის და ძალადობის დროს 2000-ზე მეტი სახლი გადაიწვა და 100 ათასამდე ადამიანმა დროებით უზბეკეთს შეაფარა თავი. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის მთავრობას ჯერ ამ მოხსენებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. დროებითი მთავრობის პრესწარმომადგენელი ფარიდ ნიაზოვი ბიშკეკში მიუწვდომელი აღმოჩნდა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სუმარ ნასიზმა კი სააგენტო „ფრანს-პრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ მოვლენების გამოძიებისთვის. ნასიზი არ უარყოფს, რომ ძალადობაში ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, ის უარყოფს გენოციდის და ეთნიკური წმენდის ფაქტს. ოფიციალური მონაცემებით, ყირგიზეთის სამხრეთში მომხდარი არეულობის დროს 371 ადამიანია დაღუპული. თუმცა, ყირგიზეთის დროებითი პრეზიდენტის როზა ოტუნბაევას განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია და ის 2000 ადამიანს აღწევს.