ავსტრალიის ახლად დანიშნული პრემიერ მინისტრი ჯულია გილარდი აღნიშნავს, რომ იგი არ აპირებს ავღანეთიდან ავსტრალიის სამხედრო ძალების გაყვანას.
ქალბატონმა გილარდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან მისი პირველი სატელეფონო საუბრის დროს,მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, მისი მთავრობის პასუხისმგებლობა ავღანეთში სამხედრო მისიის წარმატებულად დამთავრების მიმართ. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ქალბატონმა გილარდმა აღნიშნა:
„მე მხარს ვუჭერ ჩვენს მონაწილეობას ამ კონფლიქტში და მე მოვახსენე პრეზიდენტ ობამას, რომ მას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ავსტრალია ავღანეთის სტაბილიზაციაში კვლავინდებურად შეიტანს თავის წვლილს.“
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიას ავღანეთში 1,600 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული. ავსტრალიელი ჯარისკაცები ძირითადად ურუზგანის პროვინციაში არიან განლაგებულნი ,სადაც ისინი ავღანეთის სამხედრო ძალებს წვრთნიან. მას შემდეგ,რაც 2001 წელს ავსტრალია ავღანეთში შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ კოალიციურ ძალებს შეუერთდა ავღანეთში 16 ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ავსტრალიის სამხედრო ძალების გაყვანა ორ წელიწადში დაიწყება, რაც ავღანელებს უსაფრთხოების დამყარებისთვის საკმარის დროს მისცემს.
ქალბატონი გილარდი ავსტრალიის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი ხუთშაბათს გახდა. მან შეცვალა კევინ რადი, რომელმაც ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ხალხის ნდობა დაკარგა.