ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდას წარუმატებლობის მიზეზები და ტაქტიკა


საუდელთა ანტიტერორისტულმა ბრძოლამ ალ-ყაიდა აიძულა იემენის სამხრეთში გადაბარგებულიყო

ამერიკულ რეისზე ალ-ყაიდას ტერაქტის მცდელობის წარუმატებლობის მიზეზი ტერორისტის ორმაგი აგენტობა იყო. ის საუდის არაბეთის დაზვერვაზე მუშაობდა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი იუწყება, ბოლო პერიოდში საუდის არაბეთის და შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის დონე საგრძნობლად გაიზარდა.

ყველა სადაზვერვო უწყების მთავარი საზრუნავი მტრის რიგებში აგენტის ჩანერგვაა. ამის შედეგად სპეცსამსახურები იღებენ საჭირო ინფორმაციას და მოწინააღმდეგის გეგმების ჩაშლის შესაძლებლობაც ეძლევათ. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, ადამიანი, რომელიც „ალ-ყაიდამ“ გადმოიბირა და თვითმფრინავის აფეთქება დაავალა, საუდის არაბეთის დაზვერვის აგენტი იყო. შესაბამისად, საუდელების საშუალებით მოვლენათა საქმის კურსში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც იმყოფებოდა.

სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი ამბობს, რომ ამგვარი ოპერაციების დაგეგმვა ძალზედ რთულია და დიდ დროს მოითხოვს.

„თქვენ უნდა შექმნათ ქსელები, უნდა მოახერხოთ შეღწევა. ამას უდიდესი ნებისყოფა სჭირდება. ის რაც ბოლო დღეეებში ვნახეთ შედეგის სახით, წლების წინ დაიწყო ალ-ყაიდას წინააღმდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე და ასევე სამხრეთ აზიაში,“ - განაცხადა ჰეიდენმა.

ასეთი ოპერაციების განხორციელებისას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო თავის პარტნიორ სადაზვერვო უწყებებს ეყრდნობა, რომლებმაც უფრო კარგად იციან ტერიტორია და ადგილობრივი მოსახლეობა.

ვაშინგტონში მოქმედი დემოკრატიების დაცვის ფონდის სამხედრო ანალიტიკოსი სებასტიან გორკა ამბობს, რომ საუდის არაბეთის დაზვერვა ამერიკელთა სანდო პარტნიორი მუდამ არ არ არის. თუმცა, მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ალ-ყაიდას ზრახვებმა და ქმედებებმა გამოიწვია.

„პირველ წლებში მათი მხრიდან უფრო მეტი დაპირება იყო ვიდრე შესრულება. და ეს გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთის ელიტის და მთავრობის ბევრი ჩინოსანი ოსამა ბინ ლადენის და მისი ფუნდამენტანლისტური ორგანიზაციის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. მდგომარეობა შეიცვალა 2004- 2006 წლებში, როდესაც ალ-ყაიდამ მიზანში საუდის უსაფრთხოების ძალები ამოიღო,“ - ამბობს გორკა.

ამან კი, ამერიკის დაზვერვის ყოფილი შეფის ჰეიდენის განცხადებით, საუდის არაბეთის ხელისუფლების მხრიდან ალ-ყაიდას წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა გამოიწვია. განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და ანტიტერორისტული სტრუქტურის შეფის პრინც მუჰამედ ბინ ნაიფის მხრიდან.

საუდელთა ანტიტერორისტულმა ბრძოლამ ალ-ყაიდა აიძულა იემენის სამხრეთში გადაბარგებულიყო, სადაც მათ არაბული „ალ-ყაიდას“ ცალკე სტრუქტურა შექმნეს.

ამერიკის გამოძიების ფედერალური სააგენტოს ყოფილი აგენტი ალი სოფანი ალ-ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლას თავის წიგნში აღწერს. ის ამბობს, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ყაიდა სხვა განშტოებებს შორის ყველაზე მეტი სისასტიკით გამოირჩევა.

„რაც არაბულ ალ-ყაიდას გამოარჩევს, მისი წევრების და ლიდერების ბინ ლადენისეულ ალ-ყაიდასთან მჭიდრო კავშირია. მსოფლიოში ბევრი სახის ალ-ყაიდა მოქმედებს და მათ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ბევრი მათგანი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა. თუმცა, არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ყაიდა უშუალოდ ბინ ლადენის მიერ შექმნილი ალ-ყაიდას წევრებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებმაც წვრთნა ალ-ყაიდას ბანაკებში გაიარეს,“ - ამბობს ალი სოფანი.

მისი თქმით, ანტიტერირისტულ ძალისხმევას 100 პროცენტიანი შედეგის მისაღწევად დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, მაშინ როდესაც ტერორისტული აქტის წარმატებისთვის ერთი მცდელობაც საკმარისია.

XS
SM
MD
LG