ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუმბერგი ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს


ბლუმბერგი ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს
ბლუმბერგი ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა სითი ჰოლში ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე , ისევ გააკეთა მოწოდება პრაქტიკულად გატარდეს ფედერალური კანონი ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაში ბლუმბერგთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. ბლუმბერგი მოითხოვს დამატებით დაფინანსებას და ფედერალური კანონის აქტიურად განხორციელებას, რომელშიც მოიაზრება იმ პირის ბიოგრაფიის გულდასმით შესწავლა, ვინც მაღაზიაში იარაღის შეძენას ცდილობს. როგორც ბლუმბერგი ამტკიცებს, ცეცხლსასროლი იარაღით ამერიკაში ყოველდღე 34 კაცი იღუპება. ცეცხლსასროლ იარაღზე მნიშვნელოვანი ფედერალური კანონი აშშ-ში ძალაში შევიდა 1968 წელს. უფრო სწორად მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლეს სამოქალაქო უფლებების დამცველთა ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი და სენატორი რობერტ კენედი. 1993 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა ე.წ. ბრეიდის ბილს, რომლის თანახმად იარაღის მიყიდვამდე უნდა შეისწავლონ იმ პიროვნების ბიოგრაფია, ვინც ყიდულობს იარაღს. მას შემდეგ არაერთხელ იქნა ნათქვამი, რომ ეს კანონი პრაქტიკულად არ ხორციელდება. ბლუმბერგის მიერ შექმნილი მერთა კოალიცია, რომელსაც ეწოდება „მერები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის წინააღმდეგ“ ამტკიცებს, რომ სულ მცირე 10 შტატიდან ფედერალურ სისტემაში არ შეუტანიათ იარაღის შეძენის მსურველთა ფსიქიური მდგომარეობის შესახებ ცნობები. როგორც ბლუმბერგმა თქვა ბევრი კანონმორჩილი ამერიკელისათვის ცეცხლსასროლი იარაღის პრობლემა აქტუალური თითქოს არც არის, მაგრამ იმან რაც ერთხელ მოხდა ძალიან დააფიქრა ნიუ იორკის მერი.

-„კარგად გააზრებული არც კი მქონდა ეს პრობლემა, სანამ ერთხელ საავადმყოფოში არ მომიხდა მისვლა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ერთი ადამიანის მშობლისათვის იმის თქმა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე შევიგრძნოთ ეს საშინელება, სანამ ეს ამბავი ჩვენს ოჯახში არ მოხდება ან ჩვენს ახლობლებს არ დაემართებათ.“

ამ პრეს-კონფერენციაზე ყველამ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ კანონის ძალით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მაგალითად მარტინ ლუთერ კინგის ვაჟიშვილს - მარტინ ლუთერ კინგ მესამეს მიაჩნია, რომ ძაღლის თავი დამარხულია ამერიკის გასართობ ინდუსტრიაში. მან ამის დასადასტურებლად მოიყვანა ერთ-ერთიკვლევის დასკვნა, რომლის თანახმად 10 ანიმაციური ფილმიდან ექვსში ნაჩვენებია ძალმომრეობა, ისევე როგორც 10 ვიდეო თამაშიდან 7 სისხლისღვრას ეხება.

-„ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვიკითხოთ თუ რატომ არის ჩვენი საზოგადოება ასეთი ძალისმიერი? სანამ არ შევცვლით იმას, რასაც ჩვენი ნებით ვითვისებთ და აქ ვგულისხმობ არა ცენზურას, არამედ თვითცენზურას - ეს პრობლემა ვერ მოგვარდება ამ ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. მწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ისეთი კულტურა, რომელიც არ ემყარება ძალმომრეობას და ამის გაკეთების დრო, როგორც მამაჩემი იტყოდა ხოლმე არის ახლა, აწმყოში.“

როგორც პრეს-კონფრენციაში მონაწილეებმა აღნიშნეს ახლა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა ვნებათა ღელვა არიზონაში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ დროა იმისათვის, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის საკითხი რაც შეიძლება მწვავედ დადგეს.

XS
SM
MD
LG