ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სავალდებულო-სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს გადახედავს


თურქეთი სავალდებულო-სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს გადახედავს
თურქეთი სავალდებულო-სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს გადახედავს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი კანონმდებლობის შეცვლის წინააღმდეგია.

მას, ვინც უარს იტყვის თურქულ ჯარში სამსახურზე, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ელის. თანატოლები კი მოღალატედ ჩათვლიან და აბუჩად აიგდებენ. თურქეთის მოქალაქეებს კანონით უფლება არ აქვთ სარწმუნოებრივი ან რაიმე სხვა მოსაზრებით, 18-თვიან სავალდებულო სამსახურზე შეგნებული უარი განაცხადონ. თუმცა, ძალიან მალე მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს.

ქუჩაში გამართული მსგავსი დღესასწაული თურქეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ახალგაზრდა ბიჭს ახლობლები ჯარში აცილებენ. თურქეთის ბევრი მოქალაქე თვლის, რომ არმიაში სამსახური მათთვის დიდი პატივია.

ახალგაზრდა ყმაწვილის თქმით, ის აღფრთოვანებულია ჯარში წასვლის შესაძლებლობით და ღმერთს მადლობას წირავს იმისთვის, რომ სიკვდილის შიში არ გააჩნია. ის აცხადებს, რომ თურქი ჯარისკაცისთვის ბრძოლის ველზე სიკვდილი ყველაზე დიდი პატივია და სწორედ ამიტომ არაფრის არ ეშინია. ერთადერთი, რაც მას აშფოთებს, ეს საკუთარი ოჯახის დამწუხრებაა.

ამ ყმაწვილის პატრიოტულ სულისკვეთებას თურქეთში ყველა არ იზიარებს. ახალგაზრდებს შორის ბევრია ისეთიც, ვისაც ჯარში სამსახური პრინციპულად არ უნდა. სტამბოლის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი იმათ დაპატიმრებას და დევნას აპროტესტებს, ვინც ჯარზე უარი განაცხადა.

ერთ-ერთი დემონსტრანტი გვიყვება თავისი მეგობრის შესახებ, რომელმაც ამის გამო სასჯელი უკვე მოიხადა. „შემდეგ ის სამხედრო პოლიციამ პირდაპირ ქუჩიდან აიყვანა და დეზერტირობისთვის ხელმეორედ გაასამართლეს. დევნას ბოლო აღარ უჩანს. ისე გამოდის, რომ ჯარზე უარის თქმის გამო სამუდამო პატიმრობა გაქვს მისჯილი და სახლში ვეღარასოდეს დაბრუნდები“- ამბობს ის.

სამწუხაროდ ეს ერთეული შემთხვევა არ არის. მოქალაქეთა განმეორებითი გასამართლების და დევნის გამო საქმეში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სასამართლო ჩაერთო და თურქეთის სასამართლოს ქმედება განიხილა.

მეჰმედ თარჰანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დევნილია, რომელიც ჯარში სამსახურზე უარის თქმის გამო ,რამოდენიმეჯერ არის გასამართლებული და ჯერ კიდევ სასამართლოს მოლოდინშია.

როგორც ბატონი თარჰანი ამბობს, ევროკავშირმა თურქეთს კანონმდებლობის შესაბამისი რეფორმისთვის საბოლოო ვადა დაუწესა, რომელიც დეკემბერში იწურება. თურქეთის ხელისუფლების თხოვნით რეფორმა უკანასკნელი 5 წლის მანძილზე რამოდენიმეჯერ გადავადდა, ამბობს უფლებადამცველი. მიზეზად მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დამატებითი დროის მოთხოვნა სახელდებოდა.

თურქი კონსერვატორები რეფორმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ულტრა მემარჯვენე ნაციონალური პარტიის ლიდერი, დევლეთ ბაჯელი, მთავრობაზე ზეწოლას ზრდის და მას საკუთარი არმიის ღალატში დებს ბრალს. „ იმ არმიის, რომელსაც ქურთ ამბოხებულებთან და ქუთისტანის მუშათა პარტიასთან უწევს ბრძოლა. ამის გაკეთება ელემენტარული უტაქტობაა მაშინ, როცა თურქი ჯარისკაცები ტერორიზმის აღსაკვეთად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკავენ“, აღნიშნავს პოლიტიკური ლიდერი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრიც ღიად აცხადებს, რომ ის კანონმდებლობის შეცვლის წინააღმდეგია. ამის გამო ევროპაში მიიჩნევენ, რომ თურქეთის მთავრობის წევრები დროს ჩამორჩნენ და ისინი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგამენ ნაბიჯს.

იმის მიუხედავად, რომ კანონის ახალი ვარიანტი თურქეთის ისტორიულ-კულტურულ ტრადიციას ეწინააღმდეგება, პოლიტიკური მიმომხილველი მურატ ბელჯი თვლის, რომ რეფორმა თურქული საზოგადოების მოდერნიზებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება:

თურქეთის სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბება სამხედრო ძალების უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე მოხდა. ტრადიციულად ყველა თურქი ჯარისკაცია, უნდა იყოს ჯარისკაცი. ერთი-მეორეს მიყოლებით ყველა ამას იმეორებს. ეს ერთგვარი თურქული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიაა“ - აცხადებს ის.

საკანონმდებლო რეფორმას მხარდამჭერები და ოპონენტები არ აკლია. ექსპერტების აზრით, თუკი თურქეთი მას განახორციელებს, ეს ქვეყნის განვითარების და თანამედროვე სტანდარტების ადაპტირების უტყუარ ნიშნად ჩაითვლება.

XS
SM
MD
LG