ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამასა და კონგრესის რესპუბლიკელთა ურთიერთთანამშრომლობა - მრუმე პერსპექტივები?


ობამასა და კონგრესის რესპუბლიკელთა ურთიერთთანამშრომლობა - მრუმე პერსპექტივები?
ობამასა და კონგრესის რესპუბლიკელთა ურთიერთთანამშრომლობა - მრუმე პერსპექტივები?

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელებს ვაშინგტონში ცვლილებების გატარებას დაპირდა. დღეს კი რესპუბლიკელები ცვლილებებზე იგივე განცხადებებს აკეთებენ მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის კონტროლი იგდეს ხელთ. როგორც რესპუბლიკელები ამტკიცებენ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები აღარ ენდობიან ობამასა და მის პოლიტიკას. თავის მხრივ ობამა კი ამაზე პასუხობს - ეს შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები ორ პარტიულ მმართველობას ითხოვენ. მისი განცხადებით:

-„არც ერთ ცალკეულ პარტიას არა აქვს იმის დიქტატის უფლება თუ ამ მდგომარეობიდან რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯი ან სად უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება რთულ პოლიტიკურ საკითხებში. მე ოჰაიელ რესპუბლიკელ წარმომადგენელს ჯონ ბენერს და კენტუკელ რესპუბლიკელ სენატორს მიჩ მაკკონელს პირადად ვუთხარი, რომ მზადა ვარ ორივე პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელო იმის თაობაზე თუ რა მიმართულებით უნდა მივაღწიოთ პროგრესს.“

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს სენატში პოზიციის მოპოვება, მთლიანობაში ისინი კმაყოფილნი არიან მიღწეულით. აი რა განაცხადა ოჰაიოელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ ბენერმა, რომელიც როგორც სჩანს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება:

-„ერთი რამ აშკარაა, ობამა-პელოსის პოლიტიკას ამერიკელებმა უარი უთხრეს და როგორც წუხელ ავღნიშნე ამერიკელები პრეზიდენტისაგან გეზის შეცვლას მოითხოვენ და სწორედ ამ გეზს ჩვენ შევცვლით.“

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ამერიკელთა ყველაზე დიდი საზრუნავი ეკონომიკაა და მათ ძალზე აშფოთებთ უმუშევრობის მაღალი დონე, რომელიც მთელი ამერიკის მასშტაბით 9.6% შეადგენს. ისიმის კითხვა - რას უნდა მოელოდნენ ამერიკელები? შესძლებენ კი პრეზიდენტი და რესპუბლიკელები საერთო პოზიციის გამონახვას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, საგარეო ვაჭრობა და კლიმატური ცვლილებები. სპეციალისტთა უმეტესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. მაგალითად ვაშინგტონში დაბინავებული ორგანიზაცია „ამერიქან ენტერფრაიზ“-ის ინსტიტუტის თანამშრომელმა ჯონ ფორტიერმა გვითხრა:

-„ეს ორი პარტია პრაქტიკულად პოლარიზებულია ერთმანეთისაგან და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რაც მოხდება არჩევნების შემდეგ. ჩემის აზრით ამ ორ პარტიას შორის სერიოზული დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის.“

რამოდენიმე რესპუბლიკელ კანდიდატს დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს ე.წ. ჩაის პარტიის აქტივისტებმა, მოძრაობისა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში მთავრობის გავლენის როლის მაქსიმალურად შემცირება. ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკურმა ექსპერტმა ლერი საბატომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დაპირისპირებას ნამდვილად ექნება ადგილი, რადგანაც ჩაის პარტიის მომხრე არჩეული კანდიდატები უკვე დაუფარავად აცხადებენ იმას, რომ კომპრომისზე უფრო მაღლა საკუთარი პრინციპების გატარებას აყენებენ.

ჩაის პარტიის ლიდერთა უმეტესობა ყოველთვის აცხადებდა - „ჩვენები შეცვლიან მდგომარობას ვაშინგტონში, ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ და სხვები იძულებულნი გახდებიან ჩვენს პოზიციებზე დადგნენ.“ კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც უდაოდ გაართულებს ურთიერთთანამშრომლობას რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის - 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ორი წელი დარჩა ამ თარიღამდე თეთრი სახლის საპრეზიდენტო სავარძლის რესპუბლიკელი პრეტენდენტები უკვე ემზადებიან ამ მარათონისათვის, რაც კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება მომავალ წელს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატები აქტიურად დაიწყებენ არჩევნებისათვის საჭირო თანხების მოზიდვასა და მათ საარჩევნო კამპანიას.

XS
SM
MD
LG