ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა ამ რამოდენიმე დღის წინ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა რომ რუსეთმა საქართველოს მიმართებაში არაპროპორციული ძალა გამოიყენა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინი ოკუპაცია იქ არსებული ვითარების სწორი შეფასებაა. ამ თემაზე დღეს ქეთი გაბუნიას თბილისის პოლიტიკური აკადემიის რექტორი ბატონი მამუკა კარტოზია ესაუბრა:
მ.კ - ამერიკა მუდმივად აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ ის საქართველოს ერთგული მოკავშირე და პარტნიორია და შესაბამისად გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან არ გულისხმობს თავის პოლიტიკურ ინტერესებზე ხელის აღებას. აქედან გამომდინარე არც თავისი მოკავშირეების ინტერესების იგნორირებას. საერთოდ ტერმინი ოკუპაციის დამკვიდრება ამერიკის მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური ფაქტის კონსტანტაციას გულისხმობს და ვერანაირად ვერ გახდება რუსეთის მხრიდან პროვოკაციის საბაბი. მითუმეტეს დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, რაც რუსეთ-ამერიკის სხვადასხვა სფეროში დაახლოებას გულისხმობს. მაგალითად მინდა მოვიყვანო გუშინდელი ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი რუსეთში და ბაიდენის განცხადება რუსეთის გაწევრიანებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, სადაც პირდაპირ მან განაცხადა რომ რუსეთი აქტიურად უახლოვდება ამ ორგანიზაციის წევრობას და ამ გზაზე ამერიკის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
ქ.გ.- ერთის მხრივ ბაიდენის ეს განცხადება, მეორეს მხრივ მე ასევე ხაზი მინდა გავუსვა ფილიპ გორდონის განცხადებას, რომელმაც როგორც უკვე ავღნიშნეთ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. ”ჩვენ გარკვეული უთანხმოებები გვაქვს რუსეთთან და არ ვერიდებით მათ გამოხატვას და ერთერთი მათგანია საქართველო. ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხეთ უკეთესი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან ბევრ საკითხში, თუმცა არა ჩვენი პრინციპების ან ჩვენი მეგობრების ხარჯზე. საქართველო ერთერთი ჩვენი მეგობარია და ამ ურთიერთობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპია ჩადებული.” აი თქვენის აზრით ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ მიდის საქართველოს მხარდაჭერის კომპრომისზე, მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკის სანაცვლოდ?
მ.კ- მე ვფიქრობ რომ განცხადება ფილიპ გორდონის ბრატისლავაში საკმაოდ ნიშანდობლივია უბრალოდ სიტუაცია იმდენად დინამიურია და იმდენად იცვლება ყოველდღიურად, რომ სტრატეგია და ტაქტიკაც შესაცვლელია. არამგონია რომ აშშ-ს და მისი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოს მიმართ შეიცვალოს პირიქით განწყობა საკმაოდ ძლიერია. მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერია. უბრალოდ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა, რომელიც უკვე ცილდება უშუალოდ მოკლე ლოკალურ პოლიტიკას და ძალიან გლობალურ პოლოტიკაში გადადის. ეს უკვე მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის. ასე რომ საქართველოს ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა ექნება საკმაოდ ძლიერი და სერიოზული. ტერმინი ოკუპაციის შემოღება ეს უკვე ძალზედ მნიშვნელოვანია და მითუმეტეს ისეთი რანგის პოლიტიკოსის განცხადება როგორიც ფილიპ გორდონია. თქვენ იცით რომ ტერმინი ოკუპაცია გახლავთ ლათინური სიტყვა და ნიშნავს დაკავებას, ანუ ოკუპაცია ეს არის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის დროებითი დაკავება სამხედრო ძალით.ეს კლასიკური ოკუპაციის მაგალითია. ოკუპაციის ეს ტერმინი განსხვავდება ანექსიისაგან, ინტერვენციისაგან. ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს სინამდვილეში ისტორიაში გვქონდა ეს ფაქტი 21 წელს როდესაც საქართველოში მოხდა ოკუპაციაც, ანექსიაც და ინტერვენციაც.