საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ რუსეთის ერთერთ მთავარი მეტოქე ჩინეთი ხდება. მეტოქეობა მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ინვესტიციების დაბანდების და სავაჭრო სფეროში მიმდინარეობს. ამ თემაზე დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მინსკიდან იკვლევდა.
ერთ დროს რუსეთის ახლო მოკავშირეს ბელარუსს ფული უთავდება. თუკი მინსკი ელექტროენერგიის დავალიანებას არ გადაიხდის, კრემლიდან შუქი გამოირთვება. პარალელურად, რუსეთში მთავრობის მიერ კონტროლირებადი არხები ბელარუსზე, როგორც დიქტატორულ სახელმწიფოზე საუბრობენ. მოსკოვის სტრატეგია ნათელია: მოახდინოს მინსკზე ზეწოლა, რათა ბელარუსმა სახელმწიფო კომპანიები მოსკოვს იაფად მიყიდოს. ერთერთი მთავარი აქცენტი „ბელარუსკალზე“ კეთდება, რომელიც მსოფლიოში კალიუმის უდიდესი მწარმოებელია. ამ საწარმოს ხელში ჩაგდებით რუსეთი მსოფლიოში სასუქების ნომერ პირველი მწარმოებელი გახდება, ეს კი იმ დროს, როდესაც მსოფლიო სურსათის პრობლემის წინაშე დგას, მოსკოვისთვის უდიდესი მოგების მომტანი იქნება.
თუმცა, მოსკოვისთვის მოულოდნელი წინააღმდეგობაც გამოჩნდა. მინსკი „ბელარუსკალის“ წილის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებას ჩინეთთან აწარმოებს. იმ დროს როდესაც მსოფლიოში სასარგებლო წიაღისეულის სიმწირე შეინიშნება, ჩინეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეღწევას აძლიერებს, ეს კი ის რეგიონებია, რომელსაც მოსკოვი თავის მოქმედების ექსკლუზიურ ტერიტორიად განიხილავდა.
რუსეთის პოლიტიკური მიმომხილველი კონსტანტინ ვონ ეგერტი ამბობს, რომ რუსეთი ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ ჯერ არ საუბრობს.
„რუსები ამით გახარებულები არ არიან, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებენ სიჩუმეს, რადგან ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება შეუძლიათ. რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გავლენას ნელნელა კარგავს,“ - ამბობს რუსი ანალიტიკოსი.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის საკითხების ექსპერტი ლეონიდ ბატიანოვსკი ამბობს, რომ მინსკის განზრახვას არ წარმოადგენს რუსეთის და ჩინეთის დაპირისპირება.
„ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ მოქმედებას,“ - ამბობს ბატიანოვსკი.
ბელარუსში ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ძალზედ მწირია, რადგან დასავლელ ინვესტორებს ქვეყანაში საკუთრებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვეველი გარემო და 17 წლის მანძილზე ერთი კაცის მმართველობა აშკარად აშფოთებთ. თუმცა, ჩინეთისთვის ეს პრობლემა არ არის. პეკინმა გასულ წელს ბელარუსისთვის გამოყოფილი ერთ მილიარდიანი კრედიტის ვადა გააგრძელა. ბელარუსი ჩინეთისთვის ახალი სამიზნე ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც პეკინი ინვესტიციების გაძლიერებას გეგმავს. ბელარუსამდე ჩინეთი სხვა რესპუბლიკებში გააქტიურდა. გასულ თვეს პრეზიდენტი ჰუ ძინტაო უკრაინას ეწვია და პრეზიდენტ იანუკოვიჩთან 3,5 მილარდი დოლარის ბიზნესშეთანხმებები გააფორმა. ჩინეთის ლიდერს არც ყაზახეთი გამორჩენია. გასულ თვეს ორი ქვეყნის ლიდერებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გააფორმეს ხელშეკრულება. ჩინურ-ყაზახური თანამშრომლობა მომავალ ოთხ წელიწადში სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებას და ყაზახეთში მრავალმილიარდიანი ჩინური ინვესტიციების დაბანდებას ისახავს მიზნად. და ბოლოს აღსანიშნავია თურქმენეთთან თანამშრომლობა. ჩინეთმა აშხაბადს 4 მილიარდიანი კრედიტი გამოუყო, რომელიც თურქმენეთიდან ჩინეთში გაზის ექსპორტს უნდა მოხმარდეს. შუა აზიის ქვეყნებისთვის ჩინეთი, როგორც გაზის და ნავთობის უდიდესი მომხმარებელი ქვეყანა აშკარად მიმზიდველია, რაც რუსეთისთვის ჩანაცვლების საფრთხეს ზრდის.
„რუსეთს არ გააჩნია საკმარისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან თუნდაც სამხედრო ძალა, რათა წინაღუდგეს ჩინეთის შეჭრას რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სივრცეში. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთში პოსტიმპერიული დაღმასვლა დაწყებულია,“ - აცხადებს რუსი ანალიტიკოსი ვონ ეგერტი.
ამასობაში კი მინსკელმა არქიტექტორებმა ჩინური უბნის იგივე „ჩაინა თაუნის“ მშენებლობის გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.