ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონის მორიგი სამიტი


ცოტა ხნის წინ პარიზში დაფუძნებულმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროზონაში მწვავე რეცესია იწინასწარმეტყველა.

ევროკავშრის ლიდერები ბლოკის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების და ევროზონის მომავლის შესახებ არსებული სპეკულაციების ფონზე ხვდებიან ერთმანეთს.

უფრო ზუსტად, 27 წევრისგან შემდგარი კავშირის წინაშე ყველაზე მწვავედ დასაქმებისა და ევროზონის ეკონომიკის ზრდის პრობლემები დგას.

ამ ფონზე, მატულობს პოლიტიკური ტემპერატურა კონტინენტის წამყვან ქვეყნებში და ლიდერების წინაშე მყისიერი მოქმედების მოლოდინი იზრდება. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლოკის ყველაზე სუსტი წევრი-საბერძნეთი ევროკავშრიდან გასვლას ფიქრობს, რაც ფართომასშტაბიანი კრიზისის დაწყების წინაპირობად მიიჩნევა.

პარიზში ბაზირებული ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელი თომას კლაუ არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ხედავს:

„ეს ევროზონის აღსასრული არ არის. შესაძლოა საქმე პოლიტიკური ნების ნაკლებობასთან გვქონდეს. ბლოკის მასშტაბით წამყვანი პოლიტიკური პარტიები მონდომებული არიან, რათა ევროკავშირის სიჯანსაღე და გავლენა შეინარჩუნონ. თუმცა ისინი ამას პრაქტიკაში არ ახორციელებენ.“

სამიტზე ევროპელი ლიდერები უკვე გაეცნენ ბოლო კვირის ეკონომიკურ ანალიზს, და უარყოფითი პერსპექტივების შესახებ კიდევ ერთხელ მოისმინეს. ცოტა ხნის წინ პარიზში დაფუძნებულმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროზონაში მწვავე რეცესია იწინასწარმეტყველა. ამ ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი პიერ კარლო პადოანი ევროპის ლიდერებს დაუყოვნებლივ მოქმედებას თხოვს:

პადოანის განცხადებით, მოვლენები უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ეკონომისტები არ გამორიცხავენ რეცესიას, რაც სერიოზულ რეზონანს მოიტანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ევროპელი ლიდერების წინაშე, არაპოპულარული რეფორმების დაჩქარების ფონზე, ახალი ამოცანა ყალიბდება: ახლა მათ ეკონომიკის ზრდის ტემპის სტიმულირებისთვის სხვადასხვა ზომის გატარებას თხოვენ. ეს გზავნილი ყველაზე ბოლოს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გასულ კვირას კემპ დევიდში გამართული დიდი რვიანის შეხვედრაზე გაახმოვანა:

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავატარებთ შესაბამის ზომებს ნდობის აღსადგენად, ზრდისა და ბაზრებზე მოთხოვნის დასაჩქარებლად. ეს მაშინ როცა ჩვენს ქვეყნებში ფისკალურ მდომარეობას გამოვასწორებთ. ჩვენ ასევე ვთანხმდებით ძლიერი და თანმიმდევრული ევროზონის მნიშვნელობაზე და ვაცხადებთ ჩვენს დაინტერესებას საბერძნეთის ევროკავშირში დარჩენის მმართულებით.“

ბრიუსელშივე შედგება საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პირველი შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან. პრეზიდენტ ობამას მესიჯს სწორედ ოლანდი გაუზიარებს სამიტის მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ ოლანდის მკაფიო მოწოდებები და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად მიმართული ნაბიჯები, ფრანგ ლიდერს იდეოლოგიურად გერმანელ კანცლერს კიდევ უფრო მეტად აშორებს. მერკელის მთავარი აქცენტი ახლა სტრუქტურული რეფორმების და მკაცრი საბიუჯეტო ზომების გატარებაზეა გადატანილი.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი პიერ მოსკოვიჩი ამბობს, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ყველა ვარიანტს განიხილავენ. მათ შორის ევრობონდების საკითხს. ამ ინიციატივას ევროპის არაერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდნეტი ჟოზე მანუელ ბაროსო უჭერს მხარს.

დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები შეეცდებიან კონტინენტის ეკონომიკის სტიმულირების სხვა მიმართულებეის განიხილონ, კერძოდ ევროპული ბანკების დახმარების ინიციატივა.

XS
SM
MD
LG