თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა ყაზანში, დღეს დაგეგმილი სამიტის წინ, რომელიც მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ეძღვნება.
ობამამ გაიმეორა იმ ერთობლივი განცხადების მესიჯი, რომელიც 26 მაისს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან-პრეზიდენტებთან სარკოზისთან და მედვედევთან ერთად მიღებულ კომუნიკეში ჩაიდო, რომ დადგა დრო, რათა ყარაბაღის კონფლიქტის ყველა მხარემ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ.
ობამამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდა ყაზანში, პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრისას დაასრულონ ძირითად პრინციპებზე მუშაობა, ამის შემდეგ კი მხარეები ჰელსინკის პრინციპებზე დაყრდნობით, საბოლოო შეთანხმებაზე დაიწყებენ მუშაობას.