შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სირია უკეთესი ქვეყანა იქნებოდა, მისი ახლანდელი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომის შემთხვევაში.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატიურად მოუწოდებენ სირიის პრეზიდენტს შეწყვიტოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები, თუმცა პირადად ბარაქ ობამას არ მოუთხოვია მისი გადადგომა.
შეერთებული შტატების ელჩი სირიაში რობერტ ფორდი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალიდ მუალემს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ სირიის ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს სახალხო დემონსტრაციების სასტიკ დარბევას.
როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა:
“ჩვენ კიდევ ერთხელ გავუმეორეთ სირიის ხელისუფლებას, რომ ძალადობის შეწყვეტის გარეშე აუცილებლად გაიზრდება საერთაშორისო ზეწოლა ამ ქვეყანაზე, რაც დამასკოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებასაც არ გამორიცხავს.“
ვაშინგტონის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ენდრიუ ტაბლერი ამბობს:
“სირიის ნავთობის ექსპორტი სახელმწიფო შემოსავლების მხოლოდ ერთ-მეოთხედს შეადგენს, რაც გაცილებით უფრო ნაკლებია სადამ ჰუსეინის ერაყთან შედარებით. ასე რომ, სირიის მმართველი რეჟიმი მალე ამოწურავს რეზერვებს და ვალების აღება მოუხდება.“
ბატონი ტაბლერის განცხადებით, სწორედ საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა სირია ჯარები გაეყვანა ლიბანიდან 2005 წელს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს სირიის ოპოზიციასთან. ერთ-ერთი მათგანი ლონდონში სტრატეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს. აუსამა მონაჯიდის განცხადებით:
“აუცილებელია სუნიტ ბიზნესმენებთან ურთიერთობის დამყარება, რადგან ამ რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, მათთვის დიდი ეკონომიკური პერსპექტივები წარმოიქმნება სირიაში.“
დამასკოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რადვან ზიადი მიიჩნევს, რომ პრეზდენტმა ობამამ არ უნდა დააყოვნოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება. მისი თქმით:
“ეს ბევრ არაბულ და ევროპულ სახელმწიფოებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ზეწოლას. ეს აუცილებლად იმოქმედებს სირიელი სამხედროების პოზიციაზე, რომლის ელიტა ალავიტების შიიტური სექტისგან შედგება.“
ბაშარ ალ-ასადის ოჯახიც ამავე სექტის წარმომადგენელია, რომელიც რელიგიური უმცირესობაა სირიაში.
კლინტონის ადმინისტრაციის დროს სირიაში ამერიკის ელჩის თეოდორ კათოფის განცხადებით, პრეზიდენტი ასადი თავისი ნებით არასოდეს გადადგება, რადგან მისი ოჯახი არა მარტო პოლიტიკური ძალაუფლებისთვის, არამედ საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძვის. მისი თქმით:
“დარწმუნებული ვარ, რომ ბაშარ ასადი ყურადღებით აკვირდება ამერიკის დიდი მეგობრის, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის სავალალო ბედს, რომელიც საავდმყოფოს საწოლს მიჯაჭვული ეგვიპტის სასამართლოში გალიაში ჰყავთ გამომწყვდეული. ეს მაგალითი კი სირიის პრეზიდენტს ბოლომდე ბრძოლას აიძულებს.“
როგორც ბატონი კათოფი თვლის, სასწაული არ მოხდება და ბაშარ ასადის მთვარობის დამხობა არ არის მოსალოდნელი.