ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთის გაყალბებული არჩევნები"


"რუსეთის გაყალბებული არჩევნები"
"რუსეთის გაყალბებული არჩევნები"

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელ გამოშვებას ვიწყებთ რუსეთის ოპოზიციური „სოლიდარობის“ მოძრაობის ლიდერის ვლადიმირ კარა-მურზას სტატიით „რუსეთის გაყალბებული არჩევნები,“ რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 28 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ამ ბოლოდროინდელმა განცხადებებმა თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენციის შესახებ ბევრი დასავლელი მიმომხილველი დააიმედა, რომ რუსეთში დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა აგორდება. მაგრამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გასულ კვირას სახალხო თავისუფლების პარტიის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთები გაუქმდა, იმის მანიშნებელია, რომ ხსენებული განცხადებები მტკნარი სიცრუეა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა ეროვნულ ტელევიზიაზე ოპოზიციის საქმიანობის გაშუქება მნიშვნელოვნად შეზღუდა, დამოუკიდებელი ლევადას ცენტრის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ სახალხო თავისუფლების პარტია, რომელიც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრის მოადგილემ ბორის ნემცოვმა დაარსეს, ახალი მოწვევის პარლამენტში ადგილებს უსათუოდ მოიპოვებდა. ეს სულაც არ არის გასაკვირი რადგან პარტიის პოლიტიკური პლატფორმა გუბენატორების პირდაპირი არჩევის ხელახლა შემოღებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას, დემონსტრაციების გამართვის უფლებას, პოლიტიკური პატიმრების ამნისტიასა და უფრო ძლიერ ანტი-კორუფციულ ზომებს შეიცავს.

2007 წლიდან მოყოლებული სახალხო თავისუფლების პარტია უკვე მერვე პოლიტიკური დაჯგუფება გახდა, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. მსგავსი ბედი ეწია აგრეთვე სოციალისტურ, ნაციონალისტურ, ლიბერალურ და ცენტრისტულ პარტიებს, რომლებსაც აერთიანებდათ ერთადერთი თავისებურება - ის, რომ მათ პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობა კრემლის თანხმობის გარეშე გადაწყვიტეს. არსებითად, რუსეთი საბჭოთა სტილის არჩევნებს დაუბრუნდა ოღონდ ახლა ავტორიტარულ წყობას მორცხვად მალავენ ‘მრავალპარტიული’ ფასადის მიღმა. ხოლო ბატონ პუტინის ‘ედინაია როსიას’ ოფიციალურად დაშვებული ოპოზიციური პარტიების გუნდი ეხმატკბილება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფედერალურ რეესტრში შვიდი პოლიტიკური პარტია შედის.

სერბეთის, საქართველოსა და უკრაინის ‘ფერადი რევოლუციების’ გამოცდილებამ, სადაც არჩევნების გაყალბების შედეგად მასიური დემონსტრაციების ტალღა აგორდა, რასაც ავტორიტარული რეჟიმების მშვიდობიანი დამხობა მოჰყვა, დაარწმუნა ბატონი პუტინი, რომ მან ყველა ღონე უნდა იხმაროს რათა მის ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის თუნდაც სიმბოლური საშუალება არ ჰქონდეთ. ამგვარი მიდგომის გამოყენებით მან ალბათ უკრაინის სცენარს თავი აარიდა, მაგრამ იმავდროულად მორიგი ტუნისური სცენარისკენ გზა გაკვალა.“

მიმოხილვას ვასრულებთ სტატიით „ტაშის რევოლუცია,“ რომელიც ჟუნრალ „ეკონომისტის“ ბლოგ „ისთერნ ეფროუჩზე“ 28 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მას შემდეგ რაც დეკემბერში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პოლიციამ ძალა გამოიყენა და ასობით დემონსტრანტი დააპატიმრა, ახალგაზრდა ბელორუსებმა მობილიზაცია სოციალური ვებ გვერდების საშუალებით დაიწყეს რადგან ბელორუსის მთავრობა სოციალურ ვებ სივრცეს ჯერ-ჯერობით არ აკონტროლებს.

თუმცა ვირტუალურ საპროტესტო აქციებს მალე ნამდვილი დემონსტრაციები მოჰყვა. გასულ ოთხშაბათს, უკვე მესამე კვირის მანძილზე, მინსკის მთავარ ოქტომბრის მოედანზე რამდენიმე ათასი პირი შეიკრიბა. ისინი უხმოდ ტაშის ცემით მთავრობის უგუნური ხარჯების გამო ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ეგონათ, რომ თუ დემონსტრანტები შეძახილებს არ მიმართავენ და ტრანსპარანტებს არ გამოიყენებენ, ამით ისინი სამართალდამცველებს დარბევის საბაბს არ მისცემენ.

მაგრამ გასულ ოთხშაბათს ხელისუფლებამ საპასუხო ზომები მაინც მიიღო. პოლიციამ ხალხის შეკრება დაარბია და ათამდე ახალგაზრდა დააპატიმრა. შემდგომში გაირკვა, რომ მინსკში ათობით დემონსტრანტი დააკავეს, ხოლო სხვა ქალაქებში დაკავებულთა რიცხვმა 450-ს გადააჭარბა. ბევრი ალბათ ციხეში დარჩება, სადაც მათ ‘ხულიგნობის’ ბრალდებებს წაუყენებენ.“

XS
SM
MD
LG