ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ტრანსპორტის გაძვირებას აპროტესტებენ


თბილისში ტრანსპორტის გაძვირებას აპროტესტებენ
თბილისში ტრანსპორტის გაძვირებას აპროტესტებენ

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისის მერია, საკრებულო, საქართველოს მთავრობა, პრემიერი გილაური და ეკონომიკის მინისტრი ქობალია უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ყოფის კიდევ უფრო გაუარესებაზე პერსონალურად არიან პასუხისმგებელნი.

დედაქალაქის მთავრობის დაპირების მიუხედავად თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და რაც აღსანიშნავია, არა მხოლოდ ახალ , ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებზე, არამედ ძველებზეც.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ტენდერის ჩატარების შემდეგ აცხადებდა, რომ სატენდერო პირობების თანახმად მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდებოდა რაც , მისივე თქმით თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

დღეს თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ ” სამარშრუტო ტაქსებზე დაწესებული სამგზავრო გადასახადი რეგულირებად სფეროში არ შედის და რომ არც მერია, და არც საკრებულო სამარშრუტო ტაქსების საფასურს არ არეგულირებს”.

თბილისის საკრებულოს ამ განცხადებას საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელიც ეთანხმება ,რომ ფასები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მაგრამ თინა ხიდაშელის თქმით, ”თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის გასულ წელს, რომ შემოსულიყო მონოპოლისტი მიშა სააკაშვილის, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, კარის ბიზნესმენი. “ჯიემსის ჯგუფის” სახით”..

სამარშრუტო ტაქსებით ღირებულების გაზრდას აპროტესტებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. ასოციაციის პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 1 ლარამდე გაიზრდება. ციტატა მიმართვიდან , რომელიც ასოციაციამ ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებს გაუგზავნა : - ფარული მონოპოლისტი არ აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ე.წ. ”ყვითელი მარშრუტკების” ღირებულებას კომპანია თანდათან მგზავრობის საფასურის გაზრდით მიღებული შემოსავლებიდან დაფარავს . ასეთი მძარცველური და ყაჩაღური სქემა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის დედაქალქში არ განხორციელებულა. მით უფრო გაუგებარია მგზავრობის ღირებულების გაზრდა დღეს , როცა მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასი ეცემა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისის მერია, საკრებულო, საქართველოს მთავრობა, პრემიერი გილაური და ეკონომიკის მინისტრი ქობალია უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ყოფის კიდევ უფრო გაუარესებაზე პერსონალურად არიან პასუხისმგებელნი : ” - ყვითელი მიკროავტობუსები თავიდან მხოლოდ #4 ხაზზე შემოიყვანეს , მხოლოდ მასზე იყო ფასი მომატებული, მაგრამ არავინ ჯდებოდა ამ #4 მარშრუტკებში. ანუ, მოსახლეობისთვის ის 30 თეთრიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად , არ ჯდებოდნენ. და ისე გამოვიდა, რომ ან #4 უნდა დაეხურათ, ან ყველა უნდა გაეძვირებინათ, რომ კონკურენცია არ ყოფილიყო. ადგნენ და ყველა გააძვირეს ! ნორმალურ ქვეყანაში ერთ დღეში და ერთ კვირაში ფასი 60%-ით, როგორც ეს მარშრუტკებზე მოხდა, არ ძვირდება. ხორცი გაძვირდა, გახსოვთ 300%-ით ერთ დღეში, სითი პარკის გადასახადი ერთ დღეში გაორმაგდა.. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები არ ხდება, იმიტომ რომ იქ არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ამის უფლებას კომპანიებს არ მისცემენ. თუნდაც გავიხსენოთ ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლის აღდგენასაც, სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. თუ ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგება, სწორედ მისი კომპეტენცია იქნება მგზავრობის ფასს გადახედოს, თუ რამდენად სამართლიანად აქვს კომპანიას დაწესებული.

რატომ ვიძახით, რომ შარანგიები დგანან ამ ბიზნესის უკან?! არიან სამი ძმები შარანგიები, რომლებიც, როგორც ვიცით, არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, მათ მფლობელობაშია “ჯიემსის რესტორნების ქსელი…”

სამწუხაროა, რომ ტრანსპორტის პროფესიული კავშირი სათანადო სიმაღლეზე ვერ დადგა, ეს ტენდერი მისი უნიათობით განხორციელდა, ამბობს მერაბ ჯანიაშვილი : ” - ის, რასაც დღეს ჩვენი ტრანსპორტის პროფკავშირი აკეთებს.. საერთოდ შეურაცხყოფას აყენებს ზოგადად პროფკავშირს, როგორს ორგანიზაციას. ჩვენ ვიცით, განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირები როგორ მუშაობენ, როგორ იცავენ მათ ინტერესებს ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებებს. ტრანსპორტის პროფკავშირი არა მხოლოდ სატენდერო კომისიაში იყო ჩართული .. აქებდა და ადიდებდა, რა კარგი ტენდერი ტარდებაო.. რომ ჩატარდა ეს ტენდერი, პირველი გაიქცა და ხელი მოუწერა ხელშეკრულებას ” თბილისის მიკროავტობუსებს” , მიესალმა ამ ტენდერს და გადასცა მძღოლები, სრული უფლება მისცა, რომ რაც უნდა ის გააკეთოს ”თბილისის მიკროავტობუსებმა”.

როგორი სიტუაცია გამოვიდა? რომ იმ ადამიანს, ვისაც უნდა დაეცვა მძღოლების ინტერესები, საერთოდ არ აინტერესებს არც მძღოლები, არც საზოგადოება, მან მერიის და ”თბილისის მიკროავტობუსების” ინტერესები უფრო დაიცვა, ვიდრე იმ ხალხის, ვინც მას ფულს უხდის.

მძღოლები ისეთივე დაუცველები აღმოჩნდნენ, როგორც მგზავრები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლებია უხდიან გარკვეულ საკომისიოს პროფკავშირებს. ახლაც აგრძელებენ. ჩემი მოწოდებ იქნება, თუ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ არ გადაიხადონ, თუ არ ავალდებულებენ რაღაც ხელშეკრულებებუით - არ გადაუხადონ ! შეიძლება ავალდებულებენ, მაგრამ ხელშეკრულება შეიძლება იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ გადაუხადონ, იმიტომ რომ ფულის იმაში გადახდა, რომ ვიღაცამ შენს წინააღმდეგ იმუშაოს, ჩემი აზრით სისულელეა. და ტრანსპორტის პროფკავშირი სწორედ ამას აკეთებს მძღოლების წინააღმდეგ”.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს ”ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულ პრინციპზე ჩატარებული ტენდერის გაუქმებისკენ მოუწოდებს”.

XS
SM
MD
LG