მიუხედავად იმისა, რომ „ვიკილიქსზე“ თავდასხმები იზრდება, აქტივისტთა ვებ- გვერდზე და მასთან პარტნიორობაში მყოფ გაზეთებში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება გრძელდება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საიდუმლო დოკუმენტების თანამიმდევრული გამოქვეყნება წარმოადგენს ვებ-გვერდ „ვიკილიქსის“ სტრატეგიას, რომელიც გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ამ დოკუმენტებში ასახული ფაქტების აქტუალობის შენარჩუნებას მიზნად ისახავს.
როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, „ვიკილიქსის“ მესვეურებს სურთ, რომ ვებ-გვერდმა საინფორმაციო ორგანიზაციის ფუნქციები შეასრულოს.
„ვიკილიქსი“ შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებს უკვე მესამედ აქვეყნებს. პირველ ორ შემთხვევაში ვებ-გვერდზე ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე საომარ მომქედებებთან დაკავშირებული მასალები გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ „ვიკილიქსმა“ დოკუმენტები ერთბაშად გამოაქვეყნა. ახლა კი ვებ-გვერდი სულ სხვა სტრატეგიას მიჰყვება.
ჯერ-ჯერობით „ვიკილიქსმა“ მის მფლობელობაში მყოფი 250,000 საიდუმლო დოკუმენტიდან, ერთ პროცენტზე ნაკლები გამოაქვეყნა. გასულ კვირას „ვიკილიქსის“ პარტნიორ ბრიტანულ გაზეთ „გარდიანის“ ვებ-გვერდზე გამართული დისკუსიის დროს „ვიკილიქსის“ დამაარსებელმა ჯულიან ასანჟმა აღნიშნა, რომ მხოლოდ როცა „მედია პარტნიორები“ დოკუმენტებს აქვეყნებენ, ისინი „ვიკილიქსის“ ვებ-გვერდზე იდება.
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორი ფილ ბენეტი, რომელიც ამჟამად დიუკის უნივერსიტეტში ჟურნალიზმს ასწავლის, აღნიშნავს, რომ ასანჟი დოკუმენტებს თანდათან აქვეყნებს იმის გამო, რომ იგი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ წინათ გამოქვეყნებული დოკუმენტები საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან შედარებით მალე გაუჩინარდა:
„იგი აშკარად უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ საინფორმაციო ქსელებში დოკუმენტებში ასახული ფაქტები უფრო დიდხანს არ გაჩერდა. ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ ისინი ინფორმაციას თანდათან აქვეყნებენ, რათა დოკუმენტებში ნახსენები ფაქტების აქტუალობა და მათ მიმართ საზოგადოების ყურადღება შენარჩუნდეს“ -აღნიშნა ბენეტმა.
საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნებამ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შეაშფოთა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ მაკლაფლინი აღნიშნავს, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს მოულოდნელი ამბები არ მოსწონთ. ხოლო „ვიკილიქსის“ მასალების გამოქვეყნების ფონზე, მათ ამგვარი მოულოდნელი ამბები თითქმის ყოველდღიურად ელის:
„თუ თქვენ მთავრობაში ხართ, ამ მასალების გამოქვეყნების ფონზე გიჩნდებათ კითხვა, თუ რა გამოქვეყნდება შემდეგ და რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ?’ ამდენად ისედაც არასტაბილურ სამყაროში, ამ მასალების გამოქვეყნება დესტაბილიზაციის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი გახდა"- აღნიშნა მაკლაფლინმა.
„ვიკილიქსს“ პატრნიორობას ისეთი საინფორმაციო საშუალებები უწევენ, როგორიც არის ფრანგული გაზეთი „ლე მონდი,“ ესპანური „ელ პაისი,“ ბრიტანული „გარდიანი“ და გერმანული „დერ შპიგელი.“ ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხსენებული საინფორმაციო საშუალებები პარტნიორობენ ორგანიზაციასთან, რომლის წინააღმდეგ, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ „აქტიური, მიმდინარე და სერიოზული გამოძიება“ დაიწყო.
თუმცა აღსანიშნავია, რომ გაზეთები ყოველ დოკუმენტს არ აქვეყნებენ. გაზეთებში ქვეყნდება მხოლოდ ის მასალები, რომელიც რედაქტორების აზრით საინტერესოა. მაგალითად სია, რომელშიც მსოფლიოში შეერთებული შტატების მთავრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებია შეტანილი, ხსენებულმა საინფორმაციო საშუალებებმა არ გამოაქვეყნეს.
ჯულიან ასანჟი აცხადებს, რომ იგი ჟურნალისტის ფუნქციას ასრულებს და რომ „ვიკილიქსი“ არსებითად ჟურნალისტურ ორგანიზაციას წარმოადგენს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ვებ-გვერდ „კომონ დრიმსზე“ განთავსებულ შენიშვნებში ასანჟმა აღნიშნა, რომ „ვიკილიქსმა“ ახალი, ეგრეთწოდებული „სამეცნიერო ჟურნალიზმი“ გამოიგონა, რომელიც მკითხველს საინფორმაციო ცნობის წაკითხვის შემდეგ, ინტერნეტში მისი უტყუარობის შემოწმების საშულებას აძლევს.
მაგრამ ჟურნალისტი ფილ ბენეტი აღნიშნავს, რომ „ვიკილიქსი“ კონსპირატორული ორგანიზაციაა, რაც ასანჟის განცხადებას ჟურნალისტური სტატუსის შესახებ, ნაკლებად დამაჯერებელს ხდის:
„ამ დოკუმენტების გამოქვეყნება გამჭვირვალე პროცესი როდია. ეს კი პრობლემას წარმოადგენს, რადგან შედეგად ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენს "ვიკილიქსი", რა მიზანი ამოძრავებს ამ ჯგუფს და რამდენად იყენებს ეს ორგანიზაცია იმ ჟურნალისტურ სტანდარტებს, რომლითაც ხდება ამ ინფორმაციის შეფასება, გადამოწმება და განხილვა"- დასძენს ამერიკელი ექსპერტი.
ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება.