იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა აფეთქებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია მაშინ, როდესაც მაშველები უძლიერესი მიწისძვრისგან დაზარალებულთა დახმარებას ცდილობენ.
უკანასკნელი მონაცემებით იზრდება მიწისძვრისგან გამოწვეული უზარმაზარი ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი, რომელმაც უკვე 1300 გადააჭარბა. 215, 000 ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო საცხოვრებლად.
ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის რაიონში არ წყდება განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები. 8,9 სიძლიერის მიწისძვრამ ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორის შენობა დააზიანა.
იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუშიმას მცხოვრებლებს ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრის მანძილით გადაადგილება ურჩია.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 50 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.