გასულ ხუთშაბათს, 20 იანვარს, ვაშინგტონში მდებარე დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჩეჩნეთის ბრძოლა: მოპოვებული და დაკარგული დამოუკიდებლობა.“
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბატონი ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელმაც წიგნის წინასიტყვაობა დაწერა.
"ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა წიგნის ავტორებს - 1999-2005 წლებში ასლან მასხადოვის მთავრობაში ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ილიას ახმადოვს და ეროვნული დემოკრატიული ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორს - მირიამ ლანსკოის.
ინტერვიუს დასაწყისში ილიას ახმადოვმა აღნიშნა, რომ წიგნი ხუთწლიანი კვლევის შედეგს წარმოადგენს. ახმადოვის თქმით, მისი და მირიამ ლანსკოის მთავარი ამოცანა 1994-2005 წლებში ჩეჩნეთში მომხდარი მოვლენების ანალიზი იყო:
„თავიდანვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ ნეგატიურ პროცესში, რომელიც 1991 წლიდან დღემდე გრძელდება, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთმა და რუსეთის ეროვნულმა პოლიტიკამ ბოროტების როლი შეასრულა“ - აღნიშნა ახმადოვმა.
თორმეტი თავისგან შემდგარი წიგნი ახმადოვის მოგონებებსა და ლანსკოის კვლევით დისერტაციას ეფუძნება. ჩეჩნეთში მომხდარი მოვლენების ანალიზი მოცემულია ილიას ახმადოვის გადმოსახედიდან. მაშინ მას მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდა. ახმადოვის დაკვირვებები შერწყმულია მირიამ ლანსკოის მიერ 1994-2005 წლებში ჩეჩნეთთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის შედეგებთან, რაც წიგნს ძალზე საინტერესოს ხდის.
თხრობა 1994 წლის ზაფხულით იწყება, როცა რუსეთი ჯოხარ დუდაევის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გეგმებს ადგენდა და ამ მიზნით ჩეჩნეთში შეიარაღებული ოპოზიციის შექმნას ფარულად ხელს უწყობდა. წიგნში აღწერილია ჩეჩნეთის პირველი ომი 1994 წლიდან 1996 წლამდე და ომთა შორის პერიოდი, რომელიც 1996 წლიდან 1999 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ასევე ჩეჩნეთის მეორე ომი 1999 წლიდან 2005 წლის მარტში პრეზიდენტ ასლან მასხადოვის სიკვდილამდე. ხოლო დასკვნით ნაწილში ჩრდილოეთ კავკასიაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობის განვითარების პერსპექტივების ანალიზია მოცემული.
ომთა შორის პერიოდთან დაკავშირებით, ახმადოვმა შემდეგი აღნიშნა:
„ჩეჩნეთის სასტიკი და დამანგრეველი ომის შემდეგ, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას და რუსებმა ჩეჩნეთი დატოვეს, მაგრამ უკან ნანგრევები და დიდძალი შეიარაღება დატოვეს. მათ რესპუბლიკა სრულ იზოლაციაში მოაქციეს, რაც გარედან დახმარების მიღების შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავდა. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ხასავიურტის შეთანხმების გაფორმებისას ერთ ერთ მთავარ პირობად ჩაიწერა ის, რომ რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში მიზნობრივი აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვასა და ჩატარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა, სინამდვილეში ყოველივე ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. უფრო მეტიც, რუსეთი ამ პროცესის საბოტაჟს ყველა ხერხებით ცდილობდა. ამდენად მასხადოვი და მისი მთავრობა სწორედ ამ რთულ გარემოებებში აღმოჩნდა. ბუნებრივია, რომ ასეთი დამამცირებელი დამარცხების შემდეგ, მოსკოვი ახალგაზრდა ჩეჩნური სახელმწიფოს აღმშენებლობაში საერთოდ არ იყო დაინტერესებული.“
წიგნის თანაავტორმა მირიამ ლანსკოიმ აღნიშნა, რომ წიგნის ყველაზე დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ჩეჩნეთში მომხდარი მოვლენები გაანალიზებულია იმ პირის მიერ, რომელიც ამ პროცესებში უშუალოდ იყო ჩართული და ჩეჩნეთის მაშინდელ პოლიტიკურ ასპარეზზე ყველა მნიშვნელოვან პირს იცნობდა.
„წიგნის დიდი ნაწილი მასხადოვის წინაშე არსებული სიტუაციის ანალიზს ეთმობა. ჩვენ ვცდილობთ გავცეთ პასუხი კითხვას - რისი გაკეთება შეეძლო მას? ტრაგიკული რეალობა ის გახლავთ, რომ 1999 წლისთვის მან რელიგიურ რადიკალებს აჯობა, როგორც პარლამენტში, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც. აქ ჩვენ 1998 წელს გუდერმესში მომხდარი შეტაკება უნდა გავიხსენოთ. მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხატაბი და ბასაევი დაღესტანში გადავიდნენ იყო ის, რომ ისინი ჩეჩნეთში დამარცხდნენ. ისინი დაღესტანში ამბოხების დაწყებას აპირებდნენ იმის გამო, რომ ჩეჩნეთში მათ ყველანაირი პოლიტიკური შესაძლებლობა ამოეწურათ “- აღნიშნავს ლანსკოი.
ლანსკოი ორშაბათს საღამოს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს ამგვარად გამოეხმაურა:
„რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე. სიმართლე გითხრათ, ის თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას - მეორეხარისხოვანია. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სხვადასხვა დაჯგუფებებმა ბევრი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს. ამ ტერორისტული აქტის ზოგადი მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში დინამიზმის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთის პოლიტიკურ სისტემას ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პრობლემების გადაჭრა არ ძალუძს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს პუტინი იმუქრებოდა, რომ ყველა ტერორისტს გაანადგურებდა. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ რუსეთში კვლავინდებურად ბომბები ფეთქდება. ცხადია, რომ ტერორისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ შედეგები არ გამოიღო.“
ინტერვიუს დასასრულს ილიას ახმადოვმა საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასძინა:
„მე ფრიად მახარებს ის ფაქტი, რომ როგორც იქნა, საქართველოში მიხვდნენ, რომ აუცილებელია საკუთარი რეგიონალური პოლიტიკის შემუშავება. მართალია საქმიანობა ამ მიმართულებით ჯერჯერობით დაწყებით სტადიაშია, მაგრამ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, მაგალითად თუნდაც ის, რომ იქ გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია - მისასალმებელია, რადგან კავკასიის რეგიონის სხვებისგან დამოუკიდებლად განვითარება შეუძლებელია. ის რომ საქართველოში იწყებენ იმის გათვითცნობიერებას, რომ საქართველოს საკუთარი რეგიონალური პოლიტიკა უნდა გააჩნდეს, მე დიდი ოპტიმიზმით მავსებს. უვიზო რეჟიმის შემოღება და სხვა ზომები, იმედია მალე მთელი კავკასიის მიმართ საქართველოს სერიოზული და გააზრებული რეგიონალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდება.“