უკანასკნელი სამი თვის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხინვალში გასაანალიზებლად და სამსჯელოდ უამრავი საკითხი წამოწია წინ, თუმცა ქართულ საზოგადოებაში დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული კრიზისის შესახებ მსჯელობას ვერსად გაიგონებთ. არადა ახლა სწორედ საინტერესო დასკვების დროა, რომელსაც უცხადესი ფაქტების საფუძველზე ჩვენი საზოგადოება უნდა ითავისებდეს.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ოპოზიისთვის ცხინვალში რუსეთის ხელისუფლებას შანსის მიცემა არ სურს, ეს სამხრედრო ბაზებთან, იარაღით ვაჭრობასა და ფულის გათეთერებასთან დაკავშირებული ოპერაციებია. „რუსეთს ურჩევნია ცხინვალის ხელისუფლების სათავეში საკუთარი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ყავდეს და დარწმუნებული იყოს, რომ ვითარება კონტროლის ჩარჩოდან არ გამოვა,“– ამბობს ექსპერტი.
ცხინვალში ამ დრომდე ცდილობენ დროს გაყინვას. ერთ–ერთ რუსულ ბლოგზე საინტერესო ანალოგია იყო მოყვანილი, როდესაც ცხინვალში დღევანდელ ვითარებას რამდენიმე წლის წინანდელ, დუდაევის ჩეჩნეთს ადარებდნენ. ავტორი ამბობდა, რომ ქვეყანა დაქცეული იყო, მაგრამ იქ ბანკები სრული აყვავების ფაზაში იმყოფებოდნენ, როგორც ახლა სამხრეთ ოსეთში, იქ, სადაც ერთი ბანკომატიც კი არ დგას, 6 დიდი ბანკი სრული წარმატებით მუშაობსო. სწორედ ამგვარ ვითარებაში ადგილი აქვს მცდელობას დე–ფაქტო ადმინისტრაციის პოლიტიკური მართვა ხელში ახალმა გუნდმა აიღოს. გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა მცდელობას არ აკლებს, რომ ხალხის მხარდაჭერით მიმიჭებულ თანამდებობამდე მიაღწიოს. მან შეხვედრების რაუნდი მოსვოვშიც გამართა, რის შემდეგაც ისევ ქუჩის აქციებზე აქცენტის გაკეთება სცადა. ცხინვალში მან 200 მხარდამჭერის გამოყვანა მაინც მოახერხა მიტინგზე და პეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მოსთხოვა უფლებამოსილება მისთვის გადაეცა, რისთვისაც ვადა 23 იანვრამდე დაუთქვა.
დე–ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი 23 იანვარს საღამოს ჯიოევას პირადად შეხვდა. მათ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს, საიდანაც ჯიოევა დაიმედებული წამოვიდა. მეორე დღეს კი გაირკვა, რომ მისი გუნდის ერთ–ერთმა წევრმა, სერგეი ზასეევმა თავი საპრეზიდენტო კანიდატად წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რამდენად შეიძლება ნიშნავდეს ეს ოპოზიციის დანაწევრებას? ამის შესახებ ჯიოევა კომენტარს ჯერ არ აკეთებს. მან გუშინ მხოლოდ ის განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ–ერთ ლიდერთან, ჯამბოლათ თედეევთან, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში უშიშროების სამსახურმა დააკავა, დაკავშირებას ვერ ახერხებს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ჯამბოლათ თედეევი, მას შემდეგ რაც ცხინვალის დატოვება მოუწია, ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში იგი მოსკოვში გამოჩნდა და განაცხადა, რომ პოსტ–კოკოითის დროინდელ სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობის პოსტზე განაცხადის შეტანას აპირებდა. მისი ამგვარი გადაწყვეტილება დაადასტურა თედეევის ბიძაშვილმა, ელბრუს თედეევმა, რომელიც უკრაინის პარლამენტის დეპუტატია რეგიონების პარტიიდან. „ჩვენ ორივე დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ, ის ჩემი უფროსი ძმაა და მე მჯერა მისი. ოსებისთვის მას უკეთესი ცხოვრების მოწყობა სურს. 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალში ისევ კარვებში ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ფული გამოიყო მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის. მართალია ჯამბოლათს ბოლო ათი წლის მანძილზე ცხინვალში არ უცხოვრია, მაგრამ სისტემატურად ჩადიოდა, გარდა ამისა, იქ ცხოვრობენ მისი შვილები,“– განაცხადა ელბრუს თედეევმა „უკრაინაში კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზიციას ცხინვალში გამარჯვების შანსი არ აქვს, რომ მოსკოვი ამას არ დაუშვებს.