ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამოქალაქო ომის ალბათობა არსებობს


ავღანეთში სამოქალაქო ომის ალბათობა არსებობს
ავღანეთში სამოქალაქო ომის ალბათობა არსებობს

თუ პრეზიდენტი კარზაი ვერ აღმოფხვრის კორუფციას, მაშინ ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყებაა მოსალოდნელი.

ამერიკის შეერთებული შტატების გაზრახვამ სამ წელიწადში გაიყვანოს ჯარები ავღანეთიდან, ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც არ გამორიცხავენ ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის განახლებას.

სამხედრო ანალიტიკოსები მიუთითებენ თალიბთა მიერ განხორციელებულ სულ უფრო გაბედულ თავდასხმებზე, მათ შორის ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ბურჰანუდდინ რაბანის მკვლელობაზე.

შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯის პროფესორის ლარი გუდსონის განცხადებით, ამჟამინდელი გაურკვეველი ვითარება არ გამორიცხავს ავღანეთის 90-იანი წლების ქაოსში დაბრუნებას. მისი თქმით:

“ სამოქალაო ომის განახლების შიში იზრდება. თუმცა ავღანელები იმასაც ამბობენ, რომ ომისგან დაიღალნენ, მაგრამ ავღანეთის ომში არაფერია გადაწყვეტილი. თალიბანი არ არის დამარცხებული და არც ამჟამინდელი რეჟიმი შეიძლება ჩაითვალოს წაგებულად.“

კონგრესში გამართულ მოსმენებზე შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მაიკ მალენმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი კარზაი ვერ აღმოფხვრის კორუფციას მაშინ ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყებაა მოსალოდნელი. მისი თქმით:

“ მე ვშიშობ იმ მთავრობის მხრდამჭერები არ გავხდეთ, რომლისაც თავად ავღანელ ხალხს არ სჯერა. თუ ყველაფერი კარგად იქნა ავღანეთში კონფლიქტის ლოკალიზება მოხდება, მაგრამ თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს მთავრობა შეიძლება დაემხოს და სამოქალაქო ომი გაჩაღდეს.“

ამერიკის კონტრ-პარტიზანული სტრატეგია თალიბანის იმ დონეზე დასუსტებას ითვალისწინებს, როდესაც ისინი იძულებულნი გახდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ამავე დროს ამერიკელები ავღანეთის არმიის და პოლიციის გაწვრთნას ცდილობენ.

ამერიკელთა სტრატეგია კარზაის მთავრობის და თალიბთა გარკვეული ნაწილის შერიგებაზე იყო გათვლილი, თუმცა ბოლო დროინდელმა თავდასხმებმა ყველას დაანახა, რომ თალიბანი არ არის მოლაპარაკებით დაინტერესებული. სამშვიდობო მოლაპარაკებების საბჭოს თავმჯდომარის ბურჰანუდდინ რაბანის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტმა კარზაიმაც კი ჩამოუშვა ხელები და აღიარა, რომ თალიბებთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს.

ავღანეთში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენლის ფრანსის ვენდრელის განცხადებით, შერიგების პროცესი ამჟამად კომაში იმყოფება. რაბანის მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა ავღანეთში არსებული ეთნიკური და რეგიონალური განსხვავებები. ბატონი ვენდრელის განცხადებით:

“თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო, მაშინ სამოქალაქო ომი გარდაუვალი გახდება. რაბანის მკვლელობამ დაანახა ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციის მაცხოვრებლებს, რომ თალიბები მათ წინააღმდეგ შემობრუნდებიან, ამიტომ კომპრომისის მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება.“

როგორც ავღანეთში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი აცხადებს, მას არ გაუკვირდება, რომ თალიბებმა ლოდინის ტაკქტიკა აირჩიონ, დაელოდონ დასავლეთის კოალიციის ჯარების გასვლას და მერე დაარტყან ქაბულს.

მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ჯერ კიდევ აცხადებს, რომ ამერიკის სტრატეგია ავღანეთში წარმატებულია. პანეტამ თალიბების მიერ ქაბულში ამერიკის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის დაკნინებაც სცადა. მისი თქმით:

“მოწინააღმდეგის მიერ ტაქტიკის შეცვლა ამერიკის სტრატეგიის წარმატებამ და პარტიზანების დასუსტებამ გამოიწვია, თუმცა მომავალში მათ არ უნდა ჰქონდეთ ამგვარი თავდასხმების განხორციელების საშუალება.“

ამასობაში პაკისტანი აგრძელებს ორმაგ თამაშს რეგიონში. შეერთებულმა შტატებმა კი პაკისტანის უშიშროების სამსახური თალიბებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბებთან ურთიერთობა გაწყვიტა და პაკისტანთან, როგორც მოწინააღმდეგესთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ის დელიში გაემგზავრა და პაკისტანის მთავარ მტერთან ინდოეთთან სტარეტეგიულ თანამშრომლობას მოაწერა ხელი.

ევროკავშირის ყოფილი ელჩი ავღანეთში ფრანსის ვენდრელი შეშფოთებულია, რომ კარზაის ეს ნაბიჯი პირიქით პაკისტანის გააქტიურებას გამოიწვევს. მისი თქმით:

“ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს პაკისტანის პარანოიას ავღანეთის და ინდოეთის ალიანსის შესახებ, რადაგან ისინი ორცეცხლშუა აღმოჩნდებიან. თუ ავღანეთმა მართლაც ჩამოიყვანა ინდოელი ოფიცრები არმიის და პოლიციის გასაწვრთნელად, ეს პაკისტანის კედელთან მიყენების ტოლფასი იქნება.“

ბატონი ვენდრელის აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან შეიძლება ამერიკის მიერ ინდოეთის დარწმუნება გახდეს, რათა ეს ქვეყანა უფრო მეტ დათმობებზე წავიდეს პაკისტანთან ქაშმირის საკითხში, მაგრამ ეს ძალზე რთული პრობლემაა ორივე ქვეყნისთვის და ავღანეთში პაკისტანის პოლიტიკაზე ნაკლებად იქონიებს გავლენას.

ავღანეთში ომის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. ამ პერიოდში მომხდარი მოვლენების ამსახველი ფოტო-გალერეის სანახავად, მისდიეთ ბმულს:

XS
SM
MD
LG