სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის მოსმენა რამდენიმე დღეში, 2011 წლის 22 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ პირველად სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა. განაცხადი სრული ფორმით 2009 წლის 6 თებერვალს, დამატებითი მასალები 2010 წლის 10 მარტს და 2011 წლის 13 ივნისს წარადგინა. ქართული მხარე რუსეთს 2008 წლის საომარი მოქმედებების და ოკუპაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევებში ადანაშაულებს.
სტრასბურში 19 დღეში სასამართლო გადაწყვეტს, ცნობს თუ არა საქრთველოს სარჩელს საფუძვლიანად და მიიღებს თუ არა მას წარმოებაში.
პირველი სექტემბრიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენელი, ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორტი, რომელმაც ამ თანამდებობაზე პიერ მორელი და პიტერ სემნები შეცვალა, მას მანდატი გაუფართოვეს. 2004-2007 წლებში ლეფორტი იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში, 2007-2010 წლებში რუსეთში საფრანგეთის ელჩის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალი მანდატი გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.ლეფორტი სამხრეთ კავკასიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულის, უსაფრთხოების, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით იმუშავებს. ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის უფლებამოსილება ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, ურთიერთობების დამყარებას.
”ის ასევე იქნება შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის მოლაპარაკებებში, რომლის მიზანია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების დაძლევა” - აცხადებს ევროკავშირი.
მანდატის ცვლილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს დასავლეთი აღიქვამს ერთ მთლიანად - ამბობს ექსპერტი , კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი:
” და რაც უფრო მალე წავლენ ამ რეგიონის ქვეყნები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი ინტეგრაციისკენ, მით უფრო სწრაფად მოვახერხებთ ეკონომიკურ რეფორმებს და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას.ანუ, ამ მანდატის გაფართოებით ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ რეგიონი რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით განვითარდეს როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით სახელმწიფოები ერთმანეთთან, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
რაც შეეხება კონფლიქტების მიმართულებას.. აქ აღსანიშნავია, რომ ყარაბახის კონფლიქტი, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტია..აქ ეუთოს ჯგუფი მუშაობს.. თუმცა, ძირითადი აქცენტი საქართველოზეა გადმოტანილი, ვინაიდან ევროკავშირის დამკვირვებლები არიან ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელიც ქართული მხრიდან გარკვეულ კონტროლს ახორციეკლებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის გასწვრივ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მისიის გაძლიერება საქართველოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”.