ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პატარა ჰავანადან“ კუბის დედაქალაქისკენ


„პატარა ჰავანადან“ კუბის დედაქალაქისკენ
„პატარა ჰავანადან“ კუბის დედაქალაქისკენ

„პატარა ჰავანადან“ კუბის დედაქალაქისკენ

შეერთებულ შტატებში უკვე ბევრი აეროპორტი სთავაზობს მომხმარებელს ჩარტერულ რეისს კუბის მიმართულებით. ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წელს სამგზავრო შეზღუდვები გაამარტივა. თუმცა, კომუნისტურ კუნძულზე დაწესებული სავაჭრო ემბარგო ტურისტული ბიზნესის აკრძალვასაც შეეხება. პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება მგზავრობას მხოლოდ კუბელ ამერიკელებს და სხვა ნებადართულ ვიზიტორებს უადვილებს. ამ ნაბიჯს კი ბევრი არ იწონებს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალექს ვილარეალი არკვევდა.

პატარა ჰავანა მაიამის ერთერთი უბანია, სადაც მდებარე სიგარების მაღაზია კუბელ ამერიკელებს საშობლოს აგონებს. თუმცა, ბევრისთვის კუბა ისევ შორეული კუნძულია. აქედან ფორტ ლოდერდელის აეროპორტამდე 30 წუთის სავალია, საიდანაც კუბელების რადენიმე თაობა ოჯახების მონახულებას გეგმავს.

„დღეს დიდი დღეა. ეს ახალი ადგილია, საიდანაც ყველა კუბელს შეუძლია კუნძულზე გამგზავრება,“ - ამბობს ოქტავიო გირალდო.

ის დანარჩენ 100-ზე მეტ კუბელთან ერთად სამშობლოში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მიდის. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ფიესტაც გაიმართა, კუბური ნუგბარით, ცეკვით და ცოცხალი მუსიკით.

ირელის ალვარესი კუბაზე 10 წელია არ ყოფილა. მისთვის ეს ისტორიული დღეა.

„ძალიან აღელვებული ვარ, ეს ჩემი პირველი მგზავრობაა და ვფიქრობ ეს აეროპორტი უფრო ეკონომიური და მოსახერხებელია“ - ამბობს ირელისი.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ობამამ წელს კუბის მიმართულებით მგზავრობა გაამარტივა, ფრენები ფორტ ლოდერდელიდან და კიდევ რამდენიმე აეროპორტიდან დაიწყო. მანამდე პირდაპირი რეისების შესრულება მხოლოდ მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან შეიძლებოდა. ვივიან მანრუდი „ბროკერს ეარლაინის“ პრეზიდენტია, რომელიც კუბაზე ფრენებს ახორციელებს.

„დღეს ბევრისთვის ზეიმია, რადგან კუბაზე მგზავრობა უკვე შესაძლებელი გახდა ბევრი აეროპორტიდან,“ - ამბობს მანრუდი.

თუმცა ზეიმი ყველა კუბელისთვის არ არის.

„კუბისკენ ფრენების დაშვება შეცდომაა. ეს არის სივრცის გახსნა ქვეყნისთვის რომელიც ტერორიზმს აფინანსებს,“ - ამბობს ემილიო იზკერდო.

ის სამოქალაქო მოძრაობის კოორდინატორია, რომელსაც კუბელი ამერიკელი პატრიოტები და მეგობრები ქვია. ის 1960-იან წლებში კუბაზე ციხეში კი იჯდა. ის და სხვა კუბელი ემიგრანტები პატარა ჰავანაში მდებარე რესტორან ვერსალში იკრიბებიან. ეს კუბელი დისიდენტების ადგილია.

ანტონიო ესკიველი კუბელი პატრიოტების საბჭოს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ამერიკა-კუბის რეისები მხოლოდ ერთი მხარისთვისაა მომგებიანი.

„ეს კასტროს რეჟიმს ეხმარება. მათ ფულის მეტი არაფერი უნდათ,“ - ამბობს ანტონიო.

თუმცა მგზავრები ამბობენ, რომ ფული მთავარი მიზეზი არ არის.

„ეს არის არა იმისთვის რომ კასტროები გამდიდრდნენ, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერება შევიდეს იმ ოჯახებში, ვისაც თავის ნათესავები ენატრება,“ - ამბობს გირალდო.

თვითმფრინავი ცაში მალე აიჭრება. მანუელ მარკიზმა და სხვებმა უკვე იციან რომ მალე ოჯახებს ნახავენ.

„მე იქ მყავს დედა, დედმამიშვილები, ცოლი და ყველა ვინც მიყვარს. მსურს, რომ ყველა ისინი ჩემთან ცხოვრობდნენ,“ - ამბობს მანუელი.

მარკიზს სურს, რომ ფრენები მომავალშიც გაგრძელდეს, და უბანი პატარა ჰავანა დარჩეს იმ ადგილად, რომელიც მას სამშობლოსთან დააკავშირებს.

XS
SM
MD
LG