ნიუ იორკში მანჰეტენზე გამოსულ დემონსტრანტებს ვარდისფერი სამკლავურები უკეთიათ იმის ნიშნად, რომ ისინი ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი მოძრაობა დაიკავე უოლ სტრიტის წევრები არიან და ბანკებისა და კონგრესისგან უმუშევრობის დაძლევას მოითხოვენ.
დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა „ამერიკის ბანკის“ შენობაში შეჭრა სცადა, მაგრამ ბანკის თანამშრომლებმა კარები ჩაკეტეს და ხალხს ბანკის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, პოლიციაც მზად იყო ბანკის დასაცავად ემოქმედა იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები მშვიდობიანი დემონსტრაციის წესებს დაარღვევდნენ. ბანკთან მოწყობილმა აქცია კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რა პოზიცია აქვს დაიკავე უოლ სტრიტის მოძრაობას ბანკების მიერ სახლების დასაფინანსებლად გაცემულ იპოთეკურ სესხებზე.
„სახლები ადამიანებისთვის უნდა იყოს და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ ინვესტიცია გააკეთოს. ისინი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი, სადახ ხალხი შვილებს ზრდის და საზოგადოებას ქმნის. სახლები არ უნდა იყოს ბანკირების მიერ სპეკულირებისა და დიდძალი ფული გასაკეთებელი საშუალება.“
დემონსტრაციის მონაწილეები სუსხიან ამინდში 14 წუთი უხმოდ იდგნენ იმ 14 მილიონი ამერიკელისთვის მხარდაჭერის გამოსახატად, როლებიც უკვე რამდენიმე ხანია უმუშევრები არიან.
„ჩვენ უფრო მეტი დემონსტრაციები უნდა ჩავატაროთ. ჩემი აზრით, ჩვენ უხმო უმრავლესობა ვართ, რომელსაც ანგარიში არუცილებლად უნდა გაეწიოს. თუ ხმა არ ამოვიღეთ და საკუთარი ინტერესების დაცვა არ დავიწყეთ, კორპორაციები გააგრძელებენ საკუთარი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენებას.“
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი კრისტინ მარტინგი ამბობს, რომ ამერიკელებმა ერთმანეთზე ზრუნვა უნდა დაიწყონ.
„ამერიკელები ამ ბოლო დროს შეიცვალნენ. ჩვენი კულტურა, რომელიც აქამდე ერთმანეთზე ზრუნვას გვასწავლიდა დღეს შეიცვალა და ერთმანეთზე პასუხისმგებლობას აღარ ვგრძნობთ.იმისთვის რომ ამერიკა გაძლიერდეს, თითოეული ამერიკელი უნდა იყოს ძლიერი და არა მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი.“
უოლ სტრიტის სიმოლო, ბრინჯაოს ხარი, რომელიც ნიუ იორკის ფინანსურ უბანს აჩვენებს, დემონსტრაციის დღეს მომიტინგეებმა გალიაში მოაქციეს. ეს კი სიმბოლურად იმის ნიშანი იყო, რომ მთავრობამ ფინანსური ბაზრის მკაცრი რეგულირება უნდა დაიწყოს.