ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო კანონი


საიმიგრაციო კანონი
საიმიგრაციო კანონი

2007 წელს არიზონაში მიღებული კანონის თანახმად, შტატის ხელისუფლებას აქვს იმ დამქირავებლების დასჯის უფლება, ვინც განგებ არელაგალურ იმიგრანტებს სამსახურს სთავაზობენ.

შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში დაიწყო საიმიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა. საქმე ეხება იმას, აქვს თუ არა არიზონას შტატს იმ დამქირავებლების დასჯის უფლება, ვინც განგებ ქვეყანაში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს სამუშაოს აძლევენ. როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯიმ მალოუნი ვაშინგტონიდან იუწყება, უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეწინააღმდეგება თუ არა არიზონას შტატში მიღებული კანონმდებლობა ფედერალური მთავრობის პასუხისმგებლობას საიმიგრაციო კანონმდებლობის გატარების სფეროში.

2007 წელს არიზონაში მიღებული კანონის თანახმად, შტატის ხელისუფლებას აქვს იმ დამქირავებლების დასჯის უფლება, ვინც განგებ არელაგალურ იმიგრანტებს სამსახურს სთავაზობენ.

მაგრამ სამოქალაქო და ბიზნეს ჯგუფების უჩვეულო გაერთიანება უზენაეს სასამართლოში არიზონას შტატის კანონმდებლობას აპროტესტებს. მიმდინარე კვირის მანძილზე მხარეები უზენაესი სასამართლოს მსაჯულების წინაშე სიტყვიერი არგუმენტებით წარსდგნენ.

კანონის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხსენებული კანონმდებლობა საიმიგრაციო კანონების გატარების სფეროში ფედერალური მთავრობის წამყვან როლს ეწინააღმდეგება.

ადვოკატი კარტერ ფილიპსი არიზონას შტატის საიმიგრაციო კანონის წინააღმდეგ შექმნილი მრავალფეროვანი გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს. ხსენებულ გაერთიანებაში შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა, ამერიკულ სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი და მექსიკური წარმოშობის ამერიკელების სამართლებრივი დაცვის ფონდი შედიან:

„კონგრესს ნამდვილად არ ეგონა, რომ ცალკეული შტატი ისეთ ნაბიჯს გადადგამდა, რომელიც, როგორც ჩანს, არიზონამ გადადგა. შტატებს ფედერალური კანონმდებლობის გატარების საბაბით ცალკეული შტატის დონეზე მიღებული კანონების გასატარებლად პარალელური სამართლებრივი მექანიზმის შექმნის უფლება არ გააჩნიათ “ - განაცხადა კარტერ ფილიპსმა.

უკვე 40-ზე მეტი შტატი სხვადასხვა საიმიგრაციო ზომების მიღებას აპირებს. ისინი აღნიშნავენ, რომ არალეგალური იმიგრაციის პრობლემის დასაძლევად მათ სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ, რადგან ფედერალურ მთავრობას საიმიგრაციო კანონმდებლობის შესრულება არ ძალუძს.

მაგრამ სამოქალაქო უფლებებისა დამცველები და ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც არიზონას შტატის საიმიგრაციო კანონის წინააღმდეგ გამოდიან, აღნიშნავენ, რომ თუ ფედერალურმა მთავრობამ ცალკეულ შტატებს, ქალაქებსა თუ დასახლებებს საკუთარი საიმიგრაციო ზომების მიღების უფლება მისცა, შედეგად ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობა შეიქმნება.

არიზონას შტატის ოფიციალური პირები, გუბერნატორისა და გენერალური პროკურორის ჩათვლით, უზენაეს სასამართლოში გამართულ მოსმენებს ესწრებოდნენ. მოსმენების შემდეგ ისინი ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.

არიზონას გენერალურმა პროკურორმა ტერი გოდარდმა განაცხადა, რომ მის შტატს აქვს იმ დამქირავებლების დასჯის უფლება, ვინც არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს სამსახურს აძლევენ:

„შტატებს ყოველთვის ჰქონდათ ამგვარი უფლება, რადგან შტატები პოლიციის მეოხებით ადგილობრივი ბიზნესების რეგულირებას ახდენენ და ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ არიზონაში ვაკეთებთ “ - აღნიშნა ტერი გოდარდმა.

აღსანიშნავია, რომ არიზონამ მკაცრი საიმიგრაციო კანონი 2007 წელს მიიღო. მაშინ ამ ზომას შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ჯენეტ ნაპოლიტანომ მოაწერა ხელი. ნიშანდობლივია, რომ ნაპოლიტანო ამჟამად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და მას ფედერალური საიმიგრაციო კანონმდებლობის შესრულება ევალება.

XS
SM
MD
LG