პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში ესპანურენოვანი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით მოვიდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ელექტორატის ამ ნაწილს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საიმიგრაციო რეფორმა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდებოდა. პრეზიდენტმა დანაპირები ვერ შეასრულა. ოფიციალური ვაშინგტონი, ძირითადად რესპუბლიკელები, რეფორმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ისინი არა მარტო საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას მიიჩნევენ უსაფუძვლოდ, არამედ პირიქით, კანონის გამკაცრებას მოითხოვენ.
დღეს ამერიკის ესპანურენოვანი მოსახლეობა თეთრი სახლის წინ საპროტესტოდ შეიკრიბა და ცდილობს პრეზიდენტს საკუთარი გულისწყრომა გააგებინოს.“ჩვენ აქ მოცემული პირობის შესრულების მოთხოვნით მოვედით“ - ამბობს ერთ-ერთი გამომსვლელი.
მიტინგი ერთდროულად პოლიტიკური თეატრიცაა, ამომრჩეველთა გულახდილი პროტესტი და დისკოთეკაც.
ამ ქალბატონმა პოლიციას ოჯახური ძალადობის შესახებ შეატყობინა და შველა სთხოვა. პოლიციამ თავად მცირეწლოვანი ბავშვის დედა დააპატიმრა და მას დღე-დღეზე დეპორტირება ელის.
“ ვიბრძვი იმისთვის, რომ შვილს არ ჩამომაშორონ. მილიონობით იმიგრანტის სახელით სამართლიანობას მოვითხოვ“ - აცხადებს ის.
პოლიციამ რამდენიმე აქტივისტთან ერთად ილინოისის შტატის კონგრესმენი ლუის გუტიერესიც დააპატიმრა. კონგრესმენი საიმიგრაციო რეფორმის აქტიური მხარდამჭერია. ის განსაკუთრებული თავგამოდებით არალეგალი უნივერსიტეტის სტუდენტების უფლებების დასაცავად იბრძვის. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ობამას თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ 1 მილიონზე მეტი იმიგრანტის დეპროტაცია მოხდა.
ესპანურენოვან მოსახლეობასთან გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაპირების შეუსრულებლობა რესპუბლიკელებს გადააბრალა.
„მოდით გულახდილები ვიყოთ: მე პარტნიორი მჭირდება და საცეკვაო მოედანი კი ცარიელია“.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ობამას 2012 წლის არჩვენებში გამარჯვებისთვის ესპანურენოვანი მოსახლეობის ხმები აუცილებლად დასჭირდება. უახლესი გამოკითხვებით კი პრეზიდენტის რეიტინგი ელექტორატის ამ ნაწილში თანდათან იკლებს. მიტინგზე პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება აშკარაა.
„შეერთებული შტატების ვეტერანების დეპორტაცია არ არის სახელმწიფოებრივი საქციელი“ - ამბობს მექსიკური წარმოშობის ომის ვეტერანი.
კაპიტოლიუმის სპეციალურ მოსმენაზე კანონმდებლებმა ცნობილი ბიზნესმენებიც მოიწვიეს. თუმცა მათი ინტერესი უფრო ვიწროა: მათ სურთ მაღალი დონის სპეციალისტებისთვის სავიზო რეჟიმში შეღავათები დაუშვან. ბიზნესმენების განცხადებით ისინი ხშირად საუკეთესო მუშახელს კარგავენ.
„მაიკროსოფტის“ რწმუნებული აცხადებს, რომ ამერიკას მეტი ტოლერანტობა მართებს განსაკუთრებული ნიჭის მქონე უცხოეთის მოქალაქეებისადმი:
“მსოფლიო ეკონომიკა შეიცვალა. ადრე ადამიანები კვეთდნენ საზღვარს უკეთესი სამუშაოსთვის. დღეს კი სამუშაო ადგილები ტოვებენ ქვეყანას უკეთესი მუშახელის ძებნაში“ - აცხადებს ის.
„ნაზდაკის“ აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ გრისფილდი, ამბობს, რომ ძალიან ხშირად ნიჭიერი ბიზნესმენები უცხოური წარმოშობის არიან და ისინი ამერიკაში სამუშაო ადგილებს ქმნიან. „ამერიკის 500 უდიდესი კომპანიის დამაარსებელთა შორის ყველაზე ცოტა 14 უცხოელია. მათ ქვეყანას 522 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანეს და 500 ათასზე მეტი ამერიკელი ჰყავთ დასაქმებული“ - ამბობს ის.
ჯერ კიდევ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის საფრთხის ფონზე და ამერიკის საბიუჯეტო პრობლემების მოუგვარებლობის პირობებში ვაშინგტონში შიშობენ, რომ საიმიგრაციო რეფორმა ისევ ყურადღების მიღმა დარჩება.