ერევანში დემონსტრაციები მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ეროვნული გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა. გაფიცვის მოთხოვნა მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლებიდან წასვლაა.
მომიტინგეებმა ერევანში აეროპორტის გზა, მეტროს რამდენიმე სადგური და სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტეს.
მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და მოქალაქეების ნაწილმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, რომლითაც ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობა აეკრძალა.
სომხეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სეირან ოღანიანმა “ამერიკის ხმის” სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას მოელოდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებდა. მისი თქმით, “ნიკოლ ფაშინიანი ნამდვილად იმსახურებს იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ ახალ სიტუაციაში და განახორციელოს ცვლილელები, რომლებსაც ხალხი ითხოვს.”
ფაშინიანის კანდიდატურას სომხეთის პარლამენტში მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
მიმომხილველები აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი მოულოდნელი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, სომხეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. ამას კი შესაძლოა გავლენა ჰქონოდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, სადაც მხარეებს შორის მედიატორი რუსეთია. ეს შიში ფაშინიანის მხრიდან კვირას რუს კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ გაქრა, სადაც ოპოზიციის ლიდერმა მათ პირობა მისცა, რომ მოსკოვთან ახლო ურთიერთობის შეცვლას არ აპირებდა.
Facebook Forum