ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღევანდელი სუპერმთვარე წლის ყველაზე დიდი და კაშკაშა მთვარე იქნება


სუპერმთვარე სტამბოლის ცაზე, 2016 წელი
სუპერმთვარე სტამბოლის ცაზე, 2016 წელი

ახლა, როცა ხალხი სახლებშია გამოკეტილი და ჯანდაცვის კრიზისის გადავლას ელოდება, კარგი დროა, საღამოს ცაზე სავსე მთვარეს დავაკვირდეთ. თუ გაგვიმართლა და ცა მოწმენდილი იქნა, ჩვენ სამშაბათს საღამოს ამ წლის ყველაზე დიდ და კაშკაშა მთვარეს ვიხილავთ.

ფენომენს, რომელსაც დღეს ელოდებიან, სუპერ ვარდისფერ მთვარეს ეძახიან. მთვარეზე თვალის შევლება ოთხშაბათსაც ღირს, თუმცა სამშაბათს ის მართლაც არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით გამოჩნდება.

როცა მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოდის, ის გაცილებით დიდი და კაშკაშა ჩანს. სწორედ ასეთს შეარქვეს სუპერმთვარე. დედამიწის ერთგული თანამგზავრი ამ დროს 14 პროცენტამდე უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა ჩანს.

ვარდისფერი კი აპრილის სავსე მთვარეს ამერიკაში ადგილობრივმა ინდიელებმა უწოდეს, რადგან ის მაშინ ჩნდება, როცა ხეები ყვავის და ბუნებაში ვარდისფერი დომინირებს. დღევანდელი სუპერმთვარე წლის ყველაზე საინტერესო სანახაობა იქნება, რადგან ის ჩვენს პლანეტასთან თან ძალიან ახლოს მოვა (356,906კმ. მანძილზე) და თან "სისავსის" სრულ ფაზაში იქნება.

სავსე მთვარე დაახლოებით თვეში ერთხელ ჩნდება. წლების უმეტესობას 12 სავსე მთვარე აქვს, თუმცა წელს 13 სავსე მთვარე გვექნება და აქედან 3 სუპერმთვარეა. 7 აპრილის შემდეგ, სუპერმთვარეს ელიან 7 მაისსაც. ერთი უკვე იყო, დაახლოებით ერთი თვის წინ, 9 მარტს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მთვარის მთელი ბრწყინვალებით გამოჩენას სხვადასხვა დროს ელოდებიან. ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ვარდისფერი სუპერმთვარე საღამოს 7:30-ზე გამოჩნდება. სიდნეიში (ავსტრალია) მას ღამით, 12:30-ზე ელიან.

თუ დრო ზუსტად არ იცით, მზის ჩასვლას დაელოდეთ, როცა ცა მუქდება და მთვარე აღმოსავლეთ ჰორიზონტზე ამოსვლას იწყებს. ამბობენ, რომ მთვარის ჩასვლაც ისეთივე მომაჯადოებელი იქნება, როგორც მისი ამოსვლა.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, სუპერმთვარეს დიდხანს არ მივაჩერდეთ. პიკის დროს, 100%-იანი ილუმინაციისას, მთვარეზე რამდენიმე წამზე მეტხანს ყურება შეუძლებელია და არც არის რეკომენდებული.

წელს ე.წ. ლურჯი მთვარეც გვექნება, ანუ სავსე მთვარე ერთ-ერთ თვეში ორჯერ გამოჩნდება. ეს მხოლოდ ყოველ 2.5-3 წელში ერთხელ ხდება.

ინგლისური ვინც კარგად იცის, გაგონილი ექნება გამოთქმა: ერთხელ, ლურჯმთვარობისას (once in a blue moon), რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან იშვიათად ხდება. წელს ლურჯი მთვარის გამოჩენას 31 ოქტომბერს ელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG