1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ თბილისში, ამერიკის საელჩომ გაავრცელა, ელჩმა კელი დეგნანმა კი დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"1989 წლის 9 აპრილს 21 ქართველი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დღის. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ მიერ გაწეულ მსხვერპლს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავლისთვის,"- ამ ტექსტით ამერიკის საელჩომ კელი დეგნანის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ამერიკის ელჩი განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად საუბრობს და ამბობს, რომ საბჭოთა არმიის სისასტიკეს 1989 წლის 9 აპრილს 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
ელჩი დეგნანი მიმართვაში ასევე ამბობს, რომ აქცია, რომელიც 32 წლის წინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა, ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას ისახავდა მიზნად.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. სამხედროები კი ცეცხლსასროლი და ქიმიური იარაღებით, ასევე სასანგრე ბარებით იყვნენ შეიარაღებულები.
წითელი არმიის სისასტიკეს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე დაშავდა ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
Facebook Forum