ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ სოფელ ნიქოზში წელს უკვე მეშვიდედ იმართება. დღეს, ამ წუთებში სწორედ მისი საზეიმო დახურვის ცერემონიალი მიმდინარეობს. გერმანელმა ქორეოგრაფმა, ბე ვან ვარკმა ვორქშოპი ჩაატარა და ნიქოზელი ბავშვების მონაწილეობით მულტიმედიური წარმოდგენა დადგა სახელმწოდებით „სიცილი“. სწორედ ეს წარმოდგენა დახურავს ერთკვირიან ფესტივალს.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, პირველ რიგში, მისი შინაარსისა და მდებარეობიდან გამომდინარე. ნიქოზი 2008 წლის ომის დროს მძლავრი დაბომბვის ქვეშ მოჰყვა, რა დროსაც არა მხოლოდ სახლები დაინგრა და დაიწვა, არამედ მეათე საუკუნის საეპისკოპოსო სასახლეც. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალი ახლა სწორედ ამ შენობაში იმართება. ის ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, ისაიას უდიდესი ძალისხმევის შედეგად აღდგა. ომის შემდომ მისი ინიციატივით ნიქოზში, ადგილობრივი და ახლო–მახლო სოფლებში მაცხოვრებელი ბავშვებისთვის ანიმაციური სტუდია და ხელოვნების ცენტრი გაიხსნა. ეკლესიამ სოციალური დატვირთვაც შეიძინა ამ ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
ამ ყველაფრის ორგანიზატორისა და სულისჩამდგმელის, მიტროპოლიტი ისაიას თაობაზე ამერიკის ხმას არაერთხელ უსაუბრია. ის ბოლო ოთხი წელია ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც წლები გაგრძელდა, ის ვერ ახერხებდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, რადგან ასეთ შემთხვევაში უკან დაბრუნების შანსს დაკარგავდა. ამიტომ მის მიერ დაარსებულ ფესტივალს სამჯერ ფიზიკურად ვერ დაესწრო. როგორც თავად მიტროპოლიტი ისაია ამბობს ამერიკის ხმასთან, ამჯერად ვითარება განსხვავებულია, მას აქვს სპეციალური საბუთი, რითაც შეუძლია ახალგორის მიმართულებით გადაადგილდეს და ნიქოზშიც დაბრუნდეს პერიოდულად. "30 აგვისტოს მომცეს საბუთი, რითაც შემიძლია გადაადგილება. 31 აგვისტოს ვერ წამოვედი უბრალოდ, რადგან გზა იყო ჩაკეტილი. ბესლანის ტრაგედიის გამო, რის თაობაზეც ყველა ძალიან ვწუხვართ, როგორც წესი ცხინვალისკენ ღონისძიებებია ხოლმე დაგეგმილი და როგორც ჩანს , ამის გამო ჩაიკეტა საგუშაგოები. 1 სექტემბერს, ფესტივალის გახსნას ვერ დავესწარი, სამაგიეროდ, მეორე დღეს უკვე აქ ვიყავი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ორი წელი და 7 თვე უწყვეტად რაკი მომიხდა იქით მხარეს გაჩერება, სამჯერ ვერ დავესწარი ფესტივალს, მაგრამ ეს არაფერია, ახლა აქ ვარ და მადლობა ღმერთს, " - გვეუბნება მიტროპოლიტი ისაია.
ნიქოზის ფესიტვალის ტრადიციული მონაწილეა გორის ქალთა კამერული გუნდი, რომელმაც გასული წლის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ტურნე დაასრულა ქეთი მელუასთან ერთად. გასტროლები თითქმის სამ თვეს გაგრძელდა. მათ ფესტივალის ფუშინდელი საღამო დახურეს. გუნდის ხელმძღვანელი, დირიჟორი თეონა ცირამუა ამერიკის ხმასთან ამბობს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ანიმაციურ ხელოვნებას ეცნობიან, ქორეოგრაფებთან, მუსიკოსებთან აქვთ შეხება. ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვები, ვინც იქ ცხოვრობს მოკლებულნი არიან მსგავს შესაძლებლობებს, ხელოვნების ცენტრი ნიქოზში კი ქმნის უნიკალურ გარემოს.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესიტვალის ერთ–ერთი ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: "ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ახლა ნიქოზის ფესტივალზე, ესაა შედეგი იმისა, რომ მეუფე ისაიამ აქ ხელოვნების სკოლა გახსნა. დღეს მისი მოსწავლეებიდან 7 ბავშვი უკვე სერიოზულ მუსიკალურ კარიერას იკეთებს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, ვინც გასულ წელს ჩააბარა კონსერვატორიაში ჰობოიზე, ახლა უკვე ოპერის ორკესტრმა აიყვანა. ხელოვნების სკოლა ძალიან ბევრს ნიშნავს ნიქოზელი ბავშვებისთვის".
ფესტივალს ნიქოზში უცხოელი სტუმრები და ანიმაციური სტუდიები ესწრებოდნენ გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან. მათ არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრები აჩვენეს, არამედ, გამართეს ვორქშოფებიც, რაც კულტურათა გაცვლისა და გაზიარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.
ფესტივალის ფარგლებში, ნიქოზში საინტერესო გამოფენაც შედგა, სადაც ქსნის ხეობის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.
Facebook Forum