ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია მომავალ კვირას განაცხადებს, რომ ცვლის მის გადაწყვეტილებას კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნისთვის "სინდისის პატიმრის" სტატუსის მოხსნის თაობაზე, - ამბობს ნავალნის მოკავშირე.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ჩამოართვა ნავალნის ეს სტატუსი, წარსულში სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო.
ნავალნის გუნდის ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა კანადელ კანონმდებლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის უკან კრემლის დეზინფორმაცია დგას, რომელიც ნავალნის რეპუტაციის შებღალვას ისახავს მიზნად.
“[საერთაშორისო ამნისტიამ] გუშინ მითხრა, რომ ისინი პრესრელიზს გაავრცელებენ 12 მაისს, მას შემდეგ რაც შეისწავლეს, თუ როგორ მოახდინა რუსულმა დეზინფორმაციამ მათზე გავლენა”, - განუცხადა კანადის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს ვოლკოვმა.
ამ დრომდე თავად ორგანიზაციას კომენტარი არ გაუკეთებია. 44 წლის ნავალნი, იანვარში რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს და პატიმრება მიუსაჯეს. ის გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც გასული წლის აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ იქნა გადაყვანილი.
ნავალნის ხშირად აკრიტიკებენ მის მიერ გაკეთებული ნაციონალისტური განცხადებების გამო, იქნება ეს იმიგრაციაზე, ჩეჩნების საკითხზე, თუ მათ შორის, ქართველების შესახებაც.
Facebook Forum