ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში ჩრილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები და საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის თემები განიხილეს. ასევე განხილული იქნა საქართველოს ჩართვა 2014 წლის შემდეგ, ამერიკის საბრძოლო ძალების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში.

ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. მან ასევე შეაქო პროცესები, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით იქნა გადადგმული.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დაფიქსირებაც იყო. რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ირაკლი ალასანიასა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ფილიპ ჰამონდს შორის. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
XS
SM
MD
LG