ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: შიშანის მკვლელობის შემდეგ კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირება გაჭირდება


დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაურის-თარხან ბათირაშვილის ცხოვრების შესახებ და ამ ტერორისტული ორგანიზაციისთვის მის მნიშვნელობაზე ჯეფ სელდინი მოგვითხრობს.

აბუ ომარ ალ-შიშანი, რომელმაც ეფექტური ტაქტიკით გაითქვა სახელი და არაერთ თავდასხმას გადაურჩა, ბრძოლაში დაიღუპა. ამ ინფორმაციას ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული მედიაორგანიზაცია ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო „აამექის“ ცნობით, აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე ჩეჩენი ომარი, ხალიფატის ერაყის დედაქალაქ მოსულთან ახლოს, ქალაქ შირქათში მოკლეს.

შეერთებულმა შტატებმა და კოალიციურმა ძალებმა შიშანის მოკვლა არაერთხელ სცადეს, მათ შორის 4 მარტს, სირიის ქალაქ ალ-შადადიზე ავიაიერიშისას.

მაშინ, პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენი ინფორმაციით, იერიში შედეგიანი იყო და ის მკვდარია.“

აქამდე ისლამური სახელმწიფო ჯიუტად უარყოფდა შიშანის სიკვდილს.

გასულ ოთხშაბათს პენტაგონმა თქვა, რომ ნახეს „აამაქის“ ცნობა შირქათში შიშანის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ მას.

„შიშანის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ცხრაჯერ გავრცელდა. როგორც ჩანს, ამჯერად ის ნამდვილად მკვდარია,“ ამბობს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი პატრიკ სკინერი.

„შირქათს მოსულის დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შიშანი ტაქტიკური მეთაური იყო. ლოგიკურად, შიშანი ბრძოლის ეპიცენტრში უნდა ყოფილიყო,“ ამბობს სკინერი.

შირქათი მოსულის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ერაყის ჯარებმა, აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით, მას ივნისის ბოლოს შეუტიეს და რამდენიმე დღის წინ შირქათთან ახლოს, ქაიარის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავიაბაზა აიღეს.

ორშაბათს, ბაღდადში სტუმრობისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ერაყში დამატებით 560 ჯარისკაცს გაგზავნის. ეს სამხედრო ქვედანაყოფი ქაიარის ბაზას ლოგისტიკისა და ავიაციის ჰაბად აქცევს, რათა ის მოსულზე იერიშისთვის გამოიყენონ.

პენტაგონი შიშანის ისლამური სახელმწიფოს ომის მინისტრს უწოდებდა. პენტაგონის შეფასებით, შიშანი ბრძოლებში გამობრძმედილი მეთაური იყო და ისლამური სახელმწიფოს ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

შიშანიმ "ისლამურ სახელმწიფოს" ერთგულება 2013 წლის ზაფხულში შეჰფიცა და სირიასა და ერაყში ასობით რუსულენოვანი მებრძოლი ჩაიყვანა. ის სწრაფად აღზევდა, ხალიფატის ჩრდილოეთის სარდალი გახდა და ტერორისტული დაჯგუფების საკოორდინაციო საბჭოში შეიყვანეს. შიშანის ისლამური სახელმწიფოს რელიგიური დოქტრინების აღსრულებაზე კონტროლი დაევალა.

შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, წარმოშობით საქართველოდანაა. ის წარსულში საქართველოს არმიის სადაზვერვო დანაყოფში მსახურობდა და ამერიკელების მეთაურობით, კონტრტერორისტული მომზადება გაიარა.

შიშანის მიაწერენ ისლამური სახელმწიფოს თავბრუდამხვევ წარმატებებს ერაყის ანბარის პროვინციაში 2014 წელს.

„დემოკრატიის დაცვის ფონდის“ უფროსი ექსპერტი დევიდ გარტენსტაინ-როსი შიშანის მოქმედებას ტაქტიკურად ბრწყინვალეს უწოდებს. „მას ტერიტორიის დასაპყრობად ბევრი მებრძოლი არ დასჭირვებია. შიშანიმ საკმაოდ მოკრძალებული ჯარით ვეებერთელა ტერიტორია დაიკავა.“

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ შიშანის სიკვდილი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დანაკლისია. მის გარეშე ტერორისტებს საკვანძო ქალაქების, მოსულისა და რაქას დაცვა გაუჭირდებათ.

მათივე განცხადებით, შიშანის გარდაცვალების შემდეგ, ე.წ.
"ისლამური სახელმწიფო" ჩეჩნეთიდან და სამხრეთი კავკასიიდან ახალი მებრძოლების გადაბირებასაც ვეღარ შეძლებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შიშანის დასაკავებლად, ან მოსაკლავად ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
((https://www.rewardsforjustice.net/english/tarkhan_batirashvili.html))

XS
SM
MD
LG